მიქაუტაძე “ბარსელონაში”?

გიორგი მიქაუტაძის “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერზე დიდი ესპანური გამოცემებიც ალაპარაკდნენ – გიორგის გზაზე და იმაზეც, რამდენად რეალური და ტაქტიკურად გამართლებული იქნება ეს ნაბიჯი? – “სპორტალი” ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლიდანაც ფრაგმენტს გთავაზობთ:
გიორგი მიქაუტაძის გზა სერენის პატარა მინდვრებიდან ევროპის დიდ სტადიონებამდე ასე დაიწყო: 2019 წლის 7 დეკემბერი, “ნიცასთან“ მატჩი. მაშინდელი 1-4 მარცხი ვერაფრით შელახავდა იმ პოტენციალს, რომელიც “მეცმა“ ქართველ ახალგაზრდაში დაინახა, რასაც მოწმობს ისიც, რომ კლუბმა მას ზუსტად სამ დღეში, 10 დეკემბერს, პირველი პროფესიონალური, ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა, იმისთვის, რომ ეს პოტენციალი უფრო რეალობას მორგებული ყოფილიყო, მის კარიერაში საჭირო იყო ბელგიური ზღაპარი. 2020 წელს იჯარით ბელგიის მეორე ლიგის “სერენში“ გადასვლა მიქაუტაძისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 8 მატჩში გატანილი 14 გოლი: აქედან 4 “ლომელისთვის“, 3-3 “ლიერსსა“ და “ბრიუგე II-სთვის“ მიუთითებდა იმაზე, რომ იზრდებოდა ფორვარდი, რომელიც დიდ სცენაზე გასასვლელად მზად არის.
საფრანგეთში დაბრუნება და განსაკუთრებით 2024 წლის ზაფხული გიორგის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ევრო 2024-ის ბრწყინვალე დასასრულისა და ჯგუფურ ეტაპზე სამი გოლით თანაბომბარდირის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მისით ევროპის წამყვანი კლუბები დაინტერესდნენ. მიუხედავად იმისა, რომ “მეცმა“ “მონაკოსთანაც“ მიაღწია შეთანხმებას, გიორგიმ გულს დაუჯერა და ბავშვობის კლუბი, “ლიონი“ აირჩია. ფრანგული გამოცემა Get French Football News აღნიშნავდა, რომ 18.5 მილიონი ევრო ამომავალი ვარსკვლავისთვის სიმბოლური ფასია. “ლიონში“ დაბრუნება ემოციური გამოდგა: სადებიუტო მატჩში “რენის“ წინააღმდეგ გაცუდებული პენალტი მანდანდასთან მწარე გაკვეთილი აღმოჩნდა, თუმცა მალე დაამტკიცა, რომ გაკვეთილი ისწავლა “ოსერის“ კარში გატანილი სადებიუტო დუბლით. ევროპა ლიგაზე კი მიქაუტაძემ ბაქოში “ყარაბაღთან“ შესრულებული ბრწყინვალე დუბლით (9.2 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე) და განსაკუთრებით ბუქარესტის “სტიაუასთან“ ისტორიული საღამოთი, სადაც მან ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა (ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა), აჩვენა, რომ ქართველი თავდამსხმელი უმაღლესი კლასის ევროპულ ფორვარდად ყალიბდებოდა.
ესპანური თავგადასავალი 2025 წლის სექტემბერში დაიწყო. მიქაუტაძე “ვილიარეალს“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერი იყო. მადრიდის “ატლეტიკოსთან“ სადებიუტო მატჩისა და ჩემპიონთა ლიგაზე “ტოტენჰემთან“ პირველი გაბრწყინების შემდეგ, მალევე მოვიდა პირველი ესპანური გოლების დროც: ჯერ “ოსასუნასთან“ ლა ლიგაში და შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის “იუვენტუსის“ (ტურინელ ბებერ ქალბატონთან) კარში გატანილი ბურთი, რომელმაც “ვილიარეალს“ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა. ამით გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძის, გიორგი ქოჩორაშვილისა და გიორგი მამარდაშვილის გვერდით დადგა და ჩვენი ბომბარდირი, რომელსაც გოლები ძალიან უყვარს ლა ლიგის ისტორიაში მეხუთე ქართველი ფეხბურთელი გახდა. გააგრძელეთ კითხვა