შაბათი, 15 ივლისი 2017 22:49
2775

პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო ამბოხებაში ,,თურქი ხალხის გამარჯვებასა და ახალი თურქეთის დაბადებას" აღნიშნავს.

ზუსტად ერთი წლის უკან, ადგილობრივი დროით საღამოს 21 საათიდან, თურქეთში სამხედრო ამბოხი დაიწყო, რომლის შეფასებაც ამ მოვლენებიდან ერთი წლის თავზეც კი - არაერთგვაროვანია...

საღამოს საათებში, ანკარაში, სტამბულში, ქონიაში, მარმარისში, მალათიასა და ყარსში ერთდროულად  დაწყებულ სამხედრო ამბოხს, რომლის მიზანიც მეამბოხეთა პირველი განცხადებით, "მოღალატე ერდოღანის დასჯა, კონსტიტუციის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა დაცვა და დაკარგული საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენა,, იყო, წესით პრეზიდენტ ერდოღანის განეიტრალება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა მან ამის შესახებ ადრევე გაიგო და შვებულებაში მყოფმა, მარმარისის ერთ-ერთო სასტუმრო, იქ პუტჩისტების მხრიდან თავდასხმის განხორციელებამდე ცოტა ხნითა დრე  დატოვა. უახლოეს აეროდრომამდე მისულმა ერდოღანმა,  კერძო თვითმფრინავით სტამბულში ჩასვლა მოახერხა. 

16 ივლისის დილის 2 საათისთვის, ერდოღანის გამოჩენამ ბრძოლის ველად ქცეულ სტამბულის აეროპორტში და მისმა განცხადებამ ამბოხებულთა კონტროლს მიღმა დარჩენილი ტელევიზიის ეთერით, სიტუაციაში გარდატეხა შეიტანა. სტამბულში, ანკარაში და კიდევ რამდენიმე ქალაქში ამბოხებულთა სამხედრო შეტევები, რომელიც სისხლისღვრაში გადაიზარდა, ფაქტიურად მეორე დღისთვის ჩახშობილ იქნა.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის თანაპარტიელების გარდა,  რომელებიც ამბოხებულთა წინააღმდეგ ქუჩაში გასვლას ითხოვდნენ, მეჩეთებსა და მინარეთებზე დაყენებული   ხმამაღლა მოლაპარაკე დინამიკებიდან, მუსლიმი სასულიერო პირებიც მოსახლეობას ქუჩაში გასვლისა და ერდოღანის ხელისუფლების დაცვისკენ მოუწოდებდნენ, რამაც გვიანი ღამის პერიოდში მოსახლეობის მობილიზებაზე ეფექტურად იმუშავა.

სამხედრო ამბოხებას, რომელიც მალევე წარუმატებლად დასრულდა, თავად თურქეთის ხელისუფლება და მისი ლიდერი, პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი,  თურქეთში ზომიერი ისლამის რელიგიური მოძღვრების ფუძემდებელს, ფეთჰულა გიულენს და მის მიერ ჩამოყალიბებულ მოძრაობა ,,ჰიზმეთს,, (თურქ. მსახურება) მიაწერენ.

სწორედ ამ ორგანიზაციას მოიხსენიებენ ამბოხების ორგანიზატორ, უკანონო ,,პარალელური სახელმწიფო,, სტრუქტურის ტერორისტულ ძალად  - FETÖ-დ (ფეტულაჰ გიულენის მიმდევართა ტერორისტული ორგანიზაცია) და აშშ-საგან გიულენის ექსტრადაციას მოითხოვენ.  თუმცა თავად გიულენმა ამბოხება მეორე დღესვე დაგმო და მოგვიანებით ტაიპ ერდოღანის მიერ ინსპირირებულ აქტად გამოაცხადა.  გიულენი დღემდე უშედეგოდ მოითხოვს ამ ამბოხებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საგამოძიებო სტრუქტურის შექმნას.

 15 ივლისის ამბოხებას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია.  ერთი წლის უკან განვითარებულ მოვლენებს, ოფიციალური მონაცემებით 284 ადამიანი ემსხვერპლა... 1500-მდე ადამიანი  დაშავდა.

დაღუპულთა შორის 36 ამბოხებული სამხედრო მოსამსახურე იყო... ხოლო ხელისუფლების მომხრეთა მხრიდან - 6 სამხედრო, 62 პოლიციელი და 180 სამოქალაქო პირი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაღუპულთა შორის არ ყოფილა არც ერთი სახელმწიფო ჩინოსანი, არც ერთი მინისტრი თუ პარლამენტარი, მმართველი პარტიის არც ერთი ლიდერი, არც ერთი ქალაქის მერი თუ გუბერნატორი, არც ერთი გენერალი. დაღუპულთა შორის არ ყოფილან მმართველი ელიტის ოჯახის წევრთაგან არც ერთი პირი.

უფრო მეტიც, ხელისუფლების არც ერთი მაღალჩინოსანი დაპატიმრებული ან მძევლად აყვანილი  არ ყოფილა მეამბოხეთა მხრიდან. თურქული არმიის გენერალური შტაბის უფროსი - ჰულუსი აკარი, რომელიც თითქოსდა მძევლად ჰყავდათ ამბოხებულებს,  ხელუხლებლად მალევე იქნა განთავისუფლებული...

ერთადერთი ცნობადი სახე, ვინც გარდაცვლილთა შორის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა, ეს მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში, რეკლამაზე მომუშავე პიარის სპეციალისტი - ეროლ ოლჩოკი გახლდათ, რომელიც ამბოხების ღამეს ბოსფორის ხიდზე საკუთარ 16 წლის შვილთან ერთად სამხედროების ტყვიამ იმსხვერპლა.

ამბოხების ჩახშობისთანავე დაიწყო ამბოხებაში ბრალდებულთა დაპატიმრება და რეპრესიები... პირველ დღეებში სამხედროების წინააღმდეგ ერდოღანის მხარდამჭერი სამოქალაქო პირებიც აქტიურობდნენ და ადგილი ჰქონდა ლინჩის წესით გასამართლების არაერთ ფაქტს.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯარისკაცის კულტის მქონე ქვეყანაში, ამბოხების მეორე დღეს სტამბულში, ბოსფორის ხიდზე,  ნებაყოფლობით ჩაბარებულ, უიარაღო თურქ ჯარისკაცს, სამოქალაქო პირებმა თავი მოაჭრეს. ეს მოვლენა, მრავალი ანალიტიკოსისათვის, თურქეთში გარკვეული ეპოქის დასასრულად და ახალი წესრიგის დამყარების სიმბილურ ჟესტად იქცა.

 პრაქტიკულად გასული წლის ივლისიდან, გიულენის მხარდაჭერისა და ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდებით,  თურქეთში იმდენად მასშტაბური ,,წმენდა,, დაიწყო, რომ დაკავებულთა და სამსახურიდან დათხოვნილთა რაოდენობამ, შეიძლება ითქვას, რომ აბსურდულ მაჩვენებლებს მიაღწია.

საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, გასული წლის 15 ივლისის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ ამბოხებაში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობისა და მხარდაჭერის გამო დააპატიმრა 50.000-ზე მეტი ადამიანი.

მათ შორის 43 გენერალი და ადმირალი, 200-მდე მაღალი რანგის ოფიცერი. დაპატიმრებულთა შორის არიან ასეულობით მაღალი რანგის პოლიციელი, ჟანდარმი, მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი, ჟურნალისტი, პროფესორ-მასწავლებელი, ხელოვნების, სპორტისა და მედიცინის მუშაკები.

ამასთანავე, თურქეთის ხელისუფლებამ ინტერპოლს გადასცა 60.000 მოქალაქის სია, რომელთაც თურქეთი ამბოხებაში მონაწილეობის გამო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებს.... უნდა აღინიშნოს, რომ ძებნაში მისაცემ პირთა აბსურდული რაოდენობის გამო, ინტერპოლმა საერთოდ გააუქმა თურქეთის სია - საკუთარ მონაცემთა ბაზაში.

დაპატიმრებულთა კონტინგენტში ერთი საყურადღებო ტენდენცია შემჩნევა... კერძოდ ის, რომ ამბოხების მონაწილეობაში ბრალდებულთა და დაპატიმრებულთა შორის პრაქტიკულად არ არიან პოლიტიკოსები. მიუხედავად ერდოღანის მიერ არაერთხელ გაჟღერებული ფრაზისა, რომ ,,FETÖ ყველგანაა,, - ეს ,,ტერორისტული ორგანიზაცია,, რატომღაც პოლიტიკურ პარტიებში (არც სახელისუფლოში და არც ოპოზიციურში), არ აღმოჩნდა.

თუ გიულენის მიზანი იყო ხელისუფლების შეცვლა, ლოგიკურია, რომ მას  პოლიტიკური პარტიებიც დასჭირდებოდა... როგორც თურქეთის ოპოზიციის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ აცხადებს  ,,ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელთანაც გიულენს წინა წლებში  გადაჯაჭვული ურთიერთობა ჰქონდა, სწორედ რომ ერდოღანის ,,სამართლიანობისა და განვითარების პარტიაა,, და მათ შორის განხეთქილებას ქვეყანა ეწირება,,.

ასევე აბსურდულ მასშტაბებს მიაღწია გიულენის მომხრეობის გამო სამსახურიდან დათხოვნილთა რაოდენობამ... საერთო ციფრი სამსახურიდან განთავისუფლებული ადამიანებისა - 100.000-ს უახლოვდება. 30 გუბერნატორი, 3000-ზე მეტი მოსმართლე, 103 ადმირალი და გენერალი, 586 პოლკოვნიკი, 100-მდე უშიშროებისა დადაზვერვის ოფიცერი, 10.360 პოლიციელი, სპორტის სამინისტროს 250 თანამშრომელი, რელიგიის დეპარტამენტის 492 თანამშრომელი, კავშირგაბმულობის სამინისტროს 196 თანამშრომელი FETÖ-სთან დაკავშირებული ეჭვის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. გიულენთან კავშირის ბრალდებით დაიხურა 626 უმაღლესი, ტექნიკური და სასკოლო საგანმათლებლო დაწესებულება, რის შედეგადაც ამ სფეროში დასაქმებული 27.000 ადამიანი უმუშევრად დარჩა...

მათ შორის თხუთმეტამდე უნივერისტეტის რექტორი, 1500-მდე დეკანი და 20.000-მდე პროფესორ-მასწავლებელია. დაიხურა 1200 საქველმოქმედო ფონდი, 19 პროფკავშირული ორგანიზაცია და  35 სამედიცინო დაწესებულება. ლიცენზია გაუუქმეს რადენიმე ტელევიზიას და სააგენტოს... სააგენტო Cihan-ის 60 თანამშრომელი კი სამსახურიდან გაყარეს. სამსახურიდან განთავისუფლებულთაგან 10.000-მდე პირის მიმართ სასამართლო დავა ამ დრომდე მიმდინარეობს.

თუ ზემოთ მოყვანილ ფაქტებსა და ციფრებს დავაჯამებთ, შესაძლებელია იმ აბსურდულ დასკვნამდე მივიდეთ, რომ ფეტულაჰ გიულენს თურქეთში უფრო მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს - ვიდრე გერმანიის შეიარაღებული ძალები - ,,ბუნდესვერია,,. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, რამდენად ლოგიკურია ასეულ ათასობით ადამიანი ერთ სახელმწიფოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადო? მითუმეტეს თუ ამ ორგანიზაციის ლიდერი, დემოკრატიის ლიდერ სახელმწიფოში წლებია ხელუხლებლად ცხოვრობს...

მით უმეტეს, თუ არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა ამ ამბოხების რეალურ მონაწილეებსაც კი - არ აპატიმრებს, გადმოცემაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამ კითხვებზე პასუხის არ ქონამ კი -თურქეთს თითქმის ყველა  პარტნიორ ქვეყანასთან იმდენად დაუძაბა ურთიერთობა, რომ მისი ნატო-ს წევრობაც კი, ამ დროისთვი ფიქციაა... რომ არაფერი ვთქვათ ევრკავშირთან ურთიერთობაზე, რომელიც დღეისთვის დიალოგის დონეზეც კი - არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო ამბოხის მარცხს, მაშინ თითქმის მთელი მსოფლიო, თურქეთში დემოკრატიის გამარჯვებად აფასებდა,  ქვეყანაში ბოლო ერთ წლის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეფასებას სერიოზული დევალვაცია მოუტანა. დღეს უკვე ბევრს მიაჩნია, რომ 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში ერდოღანმა გაიმარჯვა და არა დემოკრატიამ.

თურქეთის ამბოხების ერთი წლის თვზე, იზმირის ციხიდან პოლიტპატიმრად მიჩნეული სომხური წარმოშობის ცნობილი თურქი მწერალი და უფლებადამცველი - სევან ნიშანიანი გაიქცა. გაქცევასთან ერთად მან, იმავე დღეს თურქეთის დატოვებაც მოახერხა. როგორც კი თავი სამშვიდობოს დაიგულა, ნიშანიანმა ,,ტვიტერის,, საკუთარ გვერდზე ნიშანდობლივი პოსტი დადო:  ,,ჩიტი გაფრინდა. ქვეყანაში დარჩენილ ოთხმოც მილიონს იგივე ბედს გისურვებთ".






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account