მთავარი კონტენტი
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 | 01:06
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ავალიანის საქმეზე ბრალი კიდევ 2 არასრულწლოვანს წარუდგინეს – ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნია იმნაძეს 13 წლამდე, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

Prime Time 6 აგვისტო, 2026 · 23:46 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს ზაჰესის იზოლატორში ბრალი გააცნეს.

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს ანასტასია ბერუაშვილს.

გიგა ავალიანის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გუშინ ღამით საკუთარი სახლებიდან აიყვანეს. ვიდეო საგამოძიებო მოქმედების დროს, ნია იმნაძის სახლიდან მისმა ადვოკატმა გაავრცელა.

რა გახდა იმნაძისა და ბერუაშვილისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი? – გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ნია იმნაძემ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან. ბრალდებულმა ნია იმნაძემ მის მეგობრებს, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას, უთხრა, თითქოს მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გაბაშვილმა სხვა არასრულწლოვნებთან ერთად გიგა ავალიანის პიროვნებისა და გადაადგილების შესწავლა.

გიგა ავალიანის დედა ორი არასრულწლოვნის დაკავებას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა.

გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვნების დაკავება “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და ოპოზიციის მხარდამჭერებმა “ფეისბუქპოსტებით” გააპროტესტეს. ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ “ერთია გამწარებული დედის ფიქრები, მეორე კი მტკიცებულებები”. საზოგადოების მხრიდან მწვავე გამოხმაურების შემდეგ ჟორჟოლიანმა პოსტი წაშალა და კომენტარები გათიშა.

გიგა ავალიანის დედამ ნანუკა ჟორჟოლიანს სოციალურ ქსელში უპასუხა, მედიასთან კომენტარში კი, პასუხი ყველას გასცა, ვინც დაკავება გააპროტესტა.

ტრაგედიით მანიპულირება – ასე შეაფასეს საპარლამენტო უმრავლესობაში გიგა ავალიანის საქმეზე გამოთქმული ის შეფასებები, რომლებიც ოპონენტებმა, მათი თქმით, პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოიყენეს.

გიგა ავალიანის საქმეზე პასუხისგებაში 10 პირია მიცემული. სამი მათგანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ ნია იმნაძეს 13 წლამდე, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.