მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 | 11:18
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

თელავში მომხდარზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი – საქმის მასალებს არ ვიცნობ და პროცესი არ უნდა ჩაინიშნოს, ვიდრე ადვოკატები ყველა ინფორმაციას არ მივიღებთ – ძალიან უთანასწორო ბრძოლაში გვიწევს ბრძოლა

IPN.ge 20 ივლისი, 2026 · 23:19 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მხრის ნაწილში დარტყმაზეც ბრალს დებენ ჩემს კლიენტს, მაგრამ ვიდეოშიც ჩანს, რომ მხარზე არავის არაფერი დაურტყია – არასწორი ფაქტებია ბრალის დადგენილებაში , – ამის შესახებ თელავში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა, მარიამ დურგლიშვილმა განაცხადა.

მარიამ დურგლიშვილის თქმით, ადვოკატისთვის ჯერ საქმის მასალები არ გადაუციათ, ინფორმაციას არიან მოკლებული და „უთანასწორო ბრძოლაში უწევთ ბრძოლა“.

„როდესაც მივედი ადგილზე, ბრალის დადგენილებაც კი არ გადმომცეს. არაერთი თხოვნის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ მაქვს გადმოცემული მასალები და აქეთ ჩვენ უნდა ვეხვეწოთ, როდის გადმოგვცემენ მასალებს, როდესაც თავად უნდა გადმოეცათ, მაშინ, როდესაც ბრალდება წარუდგინეს ჩემს კლიენტს. 120-ე მუხლით მიმდინარეობს, წარდგენილი აქვს და არასწორი ფაქტებია ბრალის დადგენილებაში მითითებული. ვიდეოშიც ჩანს, რომ მხარზე არავის არაფერი დაურტყია, მაგრამ მხრის ნაწილში დარტყმაზეც ბრალს დებენ ჩემს კლიენტს.

საქმის მასალებს არ ვიცნობ და პროცესი არ უნდა ჩაინიშნოს იქამდე, სანამ ადვოკატები ყველა ინფორმაციას არ მივიღებთ საქმის მასალებში რაც არის დაფიქსირებული, არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ კვალიფიციურად გავუწიოთ იურიდიული მომსახურება ჩემს კლიენტს, რომელსაც ამის უფლება აქვს და ეს კანონითაა დაცული. ყველანაირად ვაკუუმში ვართ, ინფორმაციას ვართ მოკლებული. ძალიან უთანასწორო ბრძოლაში გვიწევს ბრძოლა“, – განაცხადა მარიამ დურგლიშვილმა.

ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც.

შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენაზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.