თენგიზ შარმანაშვილი – გმირები უნდა შექმნას საქართველოში ჟორჟოლიანმა, გეუბნებით მე თქვენ, კომიკური ამბები ხდება-მეთქი, მოიმარაგეთ პოპკორნი – ყოველი მომდევნო დღე კიდევ უფრო მძიმედ კომიკურია, ვიდრე წინა

გმირები უნდა შექმნას საქართველოში ჟორჟოლიანმა, გეუბნებით მე თქვენ, კომიკური ამბები ხდება-მეთქი, მოიმარაგეთ პოპკორნი – ყოველი მომდევნო დღე კიდევ უფრო მძიმედ კომიკურია, ვიდრე წინა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა, როდესაც შეაფასა ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ „ტვ პირველზე“ გაკეთებული განცხადება, რომ გეგმაა, რამდენიმე ფრონტი გაიშალოს და „იყოს რეგიონული გმირების შექმნა, უფრო სწორად, პოვნა“.
შარმანაშვილის თქმით, ენმ-ის წევრები „მშვენიერ კომიკურ სცენარებს გვთავაზობენ“.
შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას არ აქვს უფლება, რომ აქ რაიმე პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს.
„გმირები უნდა შექმნას საქართველოში ჟორჟოლიანმა. გეუბნებით მე თქვენ, კომიკური ამბები ხდება-მეთქი, მოიმარაგეთ პოპკორნი. თუ ცუდ ხასიათზე ხართ, შეგიძლიათ დასხდეთ ტელევიზორთან და ძალიან მშვენიერ კომიკურ სცენარებს გვთავაზობენ. თქვენ წარმოიდგენთ იმდენად კომიკურია ეს სცენარი, რომ ჯერ თვითონ [სააკაშვილმა] დაასახელა, ჟორჟოლიანი უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარეო. მერე რამ შეაშინა კაცმა არ იცის და იფიქრა, ეს პრობლემა არ გახდეს ჩემთვისო. მერე მოიგონა მისივე პარტიის წესდებიდან და კანონიდან გაუთვალისწინებელი რეფორმების საბჭო, სადაც სურს, საკუთარი თავი თავმჯდომარედ დაინიშნოს. ის არის პატიმარი, თან უცხო ქვეყნის პასპორტის მქონე ადამიანი, რომელსაც არ აქვს უფლება, რომ აქ რაიმე პოლიტიკური საქმიანობა გასწიოს. ჟორჟოლიანს მდივნობა შესთავაზა თუ რაღაც. აბა, ახლა როგორ გელაპარაკოთ ამ თემაზე სერიოზულად?! ძალიან გულით მინდა რომ გელაპარაკოთ, მაგრამ არ გამოდის. ყოველი მომდევნო დღე კიდევ უფრო მძიმედ კომიკურია, ვიდრე წინა. რატომ აკეთებენ მათ ჰკითხეთ, არ ვიცი,“ – განაცხადა შარმანაშვილმა.