მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 17:38
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი ფავლენიშვილი – არ გამოვრიცხავ, ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას მხარი დავუჭირო, მას აქვს ის ენერგია და მენეჯერული უნარ-ჩვევები, რაც გამოგვადგება – პარტიის წევრებს ნანუკას მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ

IPN.ge 30 ივლისი, 2026 · 16:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

დღეს იკრიბება პოლიტსაბჭო იმიტომ, რომ გავიაროთ ის საკითხები, რომელიც ყრილობაზე იქნება დასმული, მათ შორის რეფორმებზე ვიმსჯელოთ და მოვემზადოთ ყრილობისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ემზადებიან იმ ყრილობისთვის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ტარდება პოლიტსაბჭო, რომელიც არის ჩვენი პარტიის მთავარი ორგანო, ამიტომაც უნდა შეიკრიბოს ასეთი მნიშვნელოვანი ყრილობის წინ. მსჯელობა ყველა საკითხზე იქნება.

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს, მას შემდგომ იქნება, რაც გარდამავალი პერიოდი დასრულდება“- აცხადებს ფავლენიშვილი.

მან ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ „პოლიტიკურ ალიანსში“ ყოფნაზე და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამ საკითხზეც იმსჯელოს პოლიტსაბჭომ და ყრილობამ.

„ხედავთ, რომ საერთოდ არაფერი ხდება ალიანსთან დაკავშირებით კი არა, ალიანსის შიგნითაც და სხვა აქტორებიც აღიარებენ, რომ არ გახლავთ საქმიანი გარემო, როგორც ჩვენ ვამბობდით თავის დროზე, ამას უკვე სხვებიც აღიარებენ. რა თქმა უნდა, შეიძლება პოლიტსაბჭომაც და ყრილობამაც იმსჯელოს ამის შესახებ იმიტომ, რომ ესეც ისეთი საკითხია, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე განიერდებოდა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად ახალ სახეებს, როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ახალი სახეები ყველა პოლიტიკური ძალისთვის ყოველთვის კარგია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“.

„რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, მას აქვს ის ენერგია, უნარ-ჩვევები, ის მენეჯერული უნარ-ჩვევები, რაც ჩვენი პარტიისთვის იქნება ძალიან გამოსადეგი. პარტიის წევრებს და მომხრეებს აქვთ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ. არ გამოვრიცხავ მის კანდიდატურას მხარი დავუჭირო, უბრალოდ, ჯერ არ არის ეს საკითხი დასმული“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.