იუსტიციის სამინისტრო: ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო გარემოს ქმნის

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა.
სამინისტროს განმარტებით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის ღონისძიებების გაძლიერებისაკენ.
„30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს ქმნის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო, 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო, მე-10 წელია, კვლავ უმაღლეს საფეხურზეა, სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს; განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.
საქართველოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების დადებითი შეფასება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და მისი წევრი სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მუშაობის შედეგია.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, პროაქტიული გამოძიების, ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის ღონისძიებების გაძლიერებისაკენ“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.