კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მოქმედი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქციები იმართება

კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში თავდაცვის მოქმედი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქციები იმართება. მანამდე მიხაილო ფედოროვის გადადგომის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
უკრაინის დედაქალაქში აქციის მონაწილეები ივან ფრანკოს მოედანზე შეიკრიბნენ. დემონსტრაცია ვეტერანმა და ყოფილმა სამხედრო ექიმმა, დმიტრო კოზიატინსკიმ დააანონსა.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატები და სკანდირებენ: „დააბრუნეთ ფედოროვი“, „სირცხვილია“, „სირსკი გადადგეს“.
აქციები ასევე დაიწყო ივანო-ფრანკივსკში, ვინიცაში, ლუცკში, ხმელნიცკიში, ლვოვში, უჟგოროდში, დნიპროში, ტერნოპოლსა და ოდესაში.
მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა პავლო ელიზაროვმა თანამდებობის დატოვების პატაკი დაწერა. მან თავისი გადაწყვეტილება პირდაპირ დაუკავშირა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლას.
„სამწუხაროდ, ომის მეხუთე წელს უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლების პატაკი დავწერე. მიმაჩნია, რომ მიხაილო ფედოროვის ჩამოშორება ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალისთვის დიდი ბოროტებაა. დიდება უკრაინას!“, – განაცხადა ელიზაროვმა.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ აღნიშნავს, ელიზაროვი საჰაერო ძალების სარდლის მოადგილის თანამდებობაზე სწორედ ფედოროვმა დანიშნა 2026 წლის იანვარში.
მიხაილო ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრი 2026 წლის იანვარში გახდა. მისი გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა თავად მინისტრმა სოციალურ ქსელში თანამდებობის დატოვება, ფაქტობრივად, დაადასტურა.
ფედოროვის გადადგომა უკრაინის მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების ფონზე ხდება. 14 ივლისს უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს გადადგომა დაამტკიცა. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დღეს გამოცხადდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტს „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელის, სერგი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა.