ლევან სამუშია – ვინ არის აფხაზეთისთვის საწვავის მიმწოდებელი? არ კმარა მხოლოდ კობახიძის პასუხი, რომ მათ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის შესაბამისად იმოქმედეს – კითხვებს უნდა გაეცეთ პასუხები!

ვინ არის საწვავის მიმწოდებელი? არ კმარა მხოლოდ კობახიძის პასუხი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის შესაბამისად იმოქმედეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან იმ ფაქტის დადასტურებას გამოეხმაურა, რომ ქართულმა ბიზნესმა აფხაზეთში საწვავი შეიტანა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებს აქვთ კორუფციული მადა და ამაზე მათი მაღალჩინოსნების ბრალდებები მეტყველებს, ამიტომაც აუცილებელია არსებულ კითხვებს გაეცეთ დეტალური პასუხები.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. არ კმარა მხოლოდ კობახიძის პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის შესაბამისად იმოქმედეს. ჩვენ მათი კორუფციული მადა ვიცით. „ქართული ოცნება“ რომ კორუფციაში იხრჩობა, ამაზე მეტყველებს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდებები და მსჯავრდებები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აქ უნდა დაისვას კითხვები, პირველ რიგში, ვინ არის საწვავის მიმწოდებელი, ანუ წარმომავლობა საწვავის და ვინ არის მიმღები. კითხვებზე შესაბამისი პასუხი უნდა იყოს გაცემული. იქნა თუ არა საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის შესაბამისად აღნიშნული ქმედება განხორციელებული? აღნიშნული ქმედების განხორციელებისას დაცულია თუ არა საქართველოს ეროვნული ინტერესი?“ – განაცხადა ლევან სამუშიამ.
ცნობისთვის, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. გუშინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.