მურთაზ ზოდელავას მეუღლე – როდის მოხდა ინსულტის გადატანა, ექიმები დადასტურებით ვერ ამბობენ, თუმცა რაღაც კერა იყო ნაპოვნი, ახლა არ არის აქტიური კერა, შესაბამისად, ინსულტი დადასტურებული არაა – ალბათ, მალე კლინიკიდან გაეწერება

მურთაზ ზოდელავა კლინიკაში შევიდა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით. ამ ეტაპზე ინსულტი არ დადასტურებულა – ალბათ, უახლოეს პერიოდში კლინიკიდან გაეწერება, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსის, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მეუღლემ, მაია მუმლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მაქვს კონტაქტი და კოორდინაცია მედპერსონალთან, ასევე პენიტენციური დაწესებულების ჯანდაცვის დეპარტამენტთან. შევიდა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით, ამ ეტაპზე ინსულტი არ დადასტურებულა. რაც შეეხება გადატანილ ნაწილს – როდის მოხდა აღნიშნული, ჩემთვის უცნობია და ექიმებიც ვერ ამბობენ დადასტურებით, თუმცა რაღაც კერა იყო ნაპოვნი. ახლა არ არის აქტიური კერა, შესაბამისად, ახლა ამ მდგომარეობაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. ახლა მიმდინარე მდგომარეობით, ამ ეტაპზე ინსულტი დადასტურებული არ არის. ალბათ, უახლეს პერიოდში კლინიკიდან გაეწერება,“ – განაცხადა მაია მუმლაძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზოდელავამ „საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი“, თუმცა კლინიკაში აცხადებენ, რომ „ინსულტზე საუბარი არ არის“. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში თავბრუსხვევით სამი დღის წინ შეიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას ჩატარებული აქვს ყველა საჭირო და აუცილებელი კვლევა.