მთავარი კონტენტი
Wednesday, 15 July, 2026 | 02:18
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე – ჩემი მიზანია, ქვეყანაში გაჩნდეს რეალური ოპოზიცია – კრიმინალები, ვისაც ოკუპირებული აქვთ ოპოზიციური ველი, უნდა ჩამოშორდნენ ოპოზიციას – ხელისუფლების დამხობის მოწოდებები და ლობირება დასანქცირებაზე პოლიტიკის მიღმაა და კრიმინალს მოიცავს

IPN.ge 15 ივლისი, 2026 · 00:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ჩემი მიზანია, ქვეყანაში გაჩნდეს რეალური ოპოზიცია. ის კრიმინალები, ვისაც ოპოზიციის სახელით ოკუპირებული აქვს ოპოზიციური ველი და ამის გამო ვერ ხორციელდება რეალური ოპოზიციის გაჩენა, უნდა ჩამოშორდნენ ოპოზიციას, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ნანა კაკაბაძემ ე.წ. საბოტაჟის საქმის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

კაკაბაძის თქმით, საჯარო განცხადება თავისთავად არ გამორიცხავს დანაშაულის ნიშნების არ არსებობას.

„ყველაზე გულსატკენი, რაც ამ პროცესმა გამოავლინა, არის ის, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნების მიღმა არა მხოლოდ ოპოზიციაა, არამედ ადვოკატებიც. საჯარო განცხადება, რადგან საჯაროა, არ შეიძლება იყოს დასაშვები. მაგალითად, ომის მოწოდება. ეს არის დანაშაული, დასჯადი. საჯარო განცხადებები ყოველთვის არ ნიშნავს იმას,რომ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ერთადერთი, რაც შეიძლება პრობლემა იყოს არის ის, რომ ხომ არ იყო ეს განცხადებები დამონტაჟებული, ნამდვილად არის თუ არა ეს განცხადებები ამ ადამიანის მხრიდან გაკეთებული და არის თუ არა დანაშაულის შემცვლელი განცხადება. მაგალითად ხელისუფლების დამხობა; ასევე სხვადასხვა სახის მოწოდებები, ქვეყნის გარეთ ლობირება ქვეყნის დასანქცირებაზე – ასეთი სახის ქმედებები, რომელსაც ოპოზიციის ნიშას ამოფარებული ადამიანები აკეთებენ, აბსოლუტურად პოლიტიკის მიღმაა და უფრო მეტად მოიცავს კრიმინალს.

პიროტექნიკის გამოყენება საბრძოლო ტექნიკად, რომელსაც თან ახლავს პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენა თუ ქუჩაში სახელმწიფოს ქონების დაწვა, არ შეიძლება ჩაითვალოს პროტესტის ფორმად. ეს არის დანაშაული“,- განაცხადა კაკაბაძემ.

კაკაბაძე ასევე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებებს და აღნიშნა, რომ საუბარი „გარედან სანქციასა“ და „შიგნიდან აქციაზე“, „ხელისუფლების დამხობისკენ მიმართულ ქმედებებს ეხება“.

მისივე თქმით, აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის ქმედებები პარტნიორულ ურთიერთობას არ შეესაბამებოდა და „სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა“.

„ჩხრეკა ჩატარდა „დროას“ ოფისში, საიდანაც იმდენი პიროტექნიკა ამოიღეს, რომლებიც გამოყენებული იყო ამ მიზნით – ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით ხელმძღვანელობდნენ. გუშინაც გაკეთდა ნიკა გვარამიას მხრიდან განცხადება – „გარედან სანქცია, შიგნიდან აქცია“, რაც მიმართულია დამხობისკენ“,- განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის მტრულია ნებისმიერი ძალა, რომელიც ქვეყანას ომში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„მტრული სახელმწიფოა ის, ვინც ქვეყანას მოუწოდებს მშვიდობის ნაცვლად ომში ჩართვას. ვინ არ მოგვიწოდა, დაწყებული უკრაინიდან… ხომ იცით ინციდენტი, რაც ამერიკის ელჩმა [კელი დეგნანი] განახორციელა პრემიერთან ფეხების ბრახუნით. ამერიკის ელჩს რომ არ იბარებენ დაკითხვაზე, არ ნიშნავს იმას, რომ მისი ეს ქმედება კანონიერი იყო. ის [კელი დეგნანი] ეხმარებოდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. ის, რომ მისი ქვეყნის ინტერესებში შედიოდა, რომ აქ ომი ყოფილიყო , არ არის პარტნიორული ურთიერთობა, ეს არის მტრული დამოკიდებულება.

ჩემი მიზანია, ქვეყანაში გაჩნდეს რეალური ოპოზიცია. ის კრიმინალები, ვისაც ოპოზიციის სახელით ოკუპირებული აქვს ოპოზიციური ველი და ამის გამო ვერ ხორციელდება რეალური ოპოზიციის გაჩენა, უნდა ჩამოშორდნენ ოპოზიციას“,- განაცხადა კაკაბაძემ.