პრემიერი: ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ კანონის მიღება იქნება საჭირო, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა

ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დაკვეთა – სცადონ ეროვნული იდენტობის შესუსტება, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ.
“ჩვენ ამ კანონპროექტზე ჯერ არ გვიმსჯელია, რაც შემიძლია გითხრათ – ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, ამისათვის იქნა შესაბამისი კანონები მიღებული და ესეც კი გააპროტესტეს. კანონი, რომელიც ემსახურება სიძულვილის თავიდან არიდებას ჩვენი საზოგადოებისთვის, ესეც კი ღიად გააპროტესტეს, აქაც კი არ მოერიდნენ ღიად იმის თქმას, რომ სიძულვილს ისინი თესავენ. ვინც გააპროტესტა ამ კანონის მიღება, სწორედ ისინი ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან ხელოვნურად თესავენ სიძულვილს და აგრესიას ჩვენს საზოგადოებაში.
რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების, საზოგადო მოღვაწეების, ჩვენი დიდი მეფეების შეურაცხყოფას, ესეც არის ჩვეულებრივი დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვი. ესენი არ არიან უბრალოდ მაგალითად უნიჭო ადამიანები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას და ამ დაკვეთის არსი არის მარტივი – მათ უნდა სცადონ, ჩვენი ეროვნული იდენტობის რაღაცნაირად შესუსტება და ამისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს. ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ რომ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა”, – აღნიშნა პრემიერმა.