სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს – ირაკლი ჩიქოვანი

ქართული ჯარის სულისკვეთება ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. „სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულებაც თითოეული ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი დიდგორისა და დავით აღმაშენებლის პოლიტიკას აგრძელებს – „დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განმტკიცებას. ჩვენი მთავრობისა და მთლიანად პოლიტიკური გუნდის ძალისხმევა მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისკენ, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისკენ“.
დიდგორობის ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა შვიდი სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით – „დიდგორის ჯვარი“ დააჯილდოვა.