სასამართლომ გირაოს შეფარდებაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ცოტნე მირცხულავა და გაბრიელ კობაიძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

სასამართლომ ოპოზიციონერ ნიკა მელიაზე თავდამსხმელის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულების – ცოტნე მირცხულავას და გაბრიელ კობაიძისთვის 3000-3000 ლარიანი გირაოს შეფარდებაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ორივე პირი მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
გადაწყვეტილება სამტრედიის სასამართლოს მოსამართლემ ლევან მეშველიანმა მიიღო.
როგორც მირცხულავა აცხადებს, დღეს ყველგან გასაკვირად, მოსამართლემ გამოიჩინა ობიექტურობა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
„რა აბსურდის თეატრთან გვქონდა საქმე ყველამ კარგად იცის, მაგრამ დღეს ყველასგან გასაკვირად, მოსამართლემ გამოიჩინა ობიექტურობა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რაც ითვალისწინებდა ჩემი და გაბრიელის 3 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას. ვხვდებით მოცემულობას, რომელიც საერთოდ არ არსებობს. ჩემი და გაბრიელის წინააღმდეგ გამოძიება 162-ე პრიმა მუხლით იყო დაწყებული, რაც ითვალისწინებდა საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლას, იმ კამპანიაში, რომელშიც ჩვენც ვიყავით ჩართული. ეს არის პოლიტიკური დევნა, „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის რეჟიმი ბოლო წლებში უფრო აქტიურად ცდილობს პროტესტში ჩართული მოქალაქეების განეიტრალებას და მათ შეშინება-დაშინებას. თუმცა, არ გამოუვიდა, რასაც უფრო მოუჭერენ მარწუხებს, ეს მარწუხები უფრო გაიხსნება. ჩვენ ვართ იმ მოცემულობის წინაშე, რომ გაჩერება არ შეიძლება, ნიკა მელია ჩემი მეგობარია და სადაც ნიკაა, იქაა სიმართლე, სადაც სიმართლეა იქ კი გამარჯვება. ეს ბრძოლაც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა მირცხულავამ.