საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა

დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობისა და მათი ოპტიმალური ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაიწყო ახალი პროგრამის – „მაღალი რისკის ახალშობილთა დედის რძის ბანკით უზრუნველყოფა“ განხორციელება.
პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, სადაც ოფიციალურად გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო დედის რძის პირველმა ბანკმა საქართველოში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისი განცხადებით, დედის რძის ბანკის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ახალშობილების ზრდა-განვითარების მხარდაჭერის კუთხით.
„აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების ჯანმრთელობის დაცვაში. მისი მთავარი მიზანია უსაფრთხო მკურნალობის პირობების შექმნა და სრულფასოვანი ზრდა-განვითარების მხარდაჭერა. ინიციატივა ხელს შეუწყობს გართულებების, მათ შორის მძიმე ინფექციებისა და განვითარების შეფერხების რისკის შემცირებას“, -აღნიშნა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
დედის რძის ბანკის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, ვიანის გენერალური დირექტორი, ირაკლი გოგია, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი პირები, ნეონატოლოგები და პედიატრები. პროგრამით ისარგებლებენ მაღალი რისკის ახალშობილები, რომელთა შერჩევა განხორციელდება განსაზღვრული სამედიცინო რისკ-ფაქტორების მიხედვით. ქალის დონორული რძის გაცემა მოხდება ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, ვაუჩერული სისტემის გამოყენებით.