სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს – რევაზ სოხაძე

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, შეიძინონ პროფესიული გამოცდილება და კარიერა საკუთარი პროფესიის შესაბამისად დაიწყონ”, — ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროგრამაში აქტიურად არის ჩართული და უკვე აქვს ახალგაზრდების შემდგომი დასაქმების წარმატებული მაგალითებიც.
„გასული პროგრამის ფარგლებში ჩვენი სამინისტროს სისტემაში სტაჟირება 30-მდე ახალგაზრდამ გაიარა და მათგან 5 დღეს უკვე დასაქმებულია. ეს პროგრამა, ერთი მხრივ, მოტივირებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიის შესაბამისად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და დაიწყონ კარიერა, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, საჯარო სამსახურში მოიზიდოს პროფესიონალი, მონდომებული და მოტივირებული ახალგაზრდები”, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში. ვაკანსიები ოფიციალურად გამოცხადდება და კანდიდატები დადგენილი, თანაბარი და სამართლიანი პირობებით შეირჩევიან.
„ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სტაჟირება გაიარონ როგორც უშუალოდ სამინისტროში, ისე ჩვენს სისტემაში შემავალ უწყებებში. ვფიქრობ, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომელსაც სახელმწიფო ახალგაზრდებს პროფესიული განვითარებისა და კარიერის დასაწყებად სთავაზობს”, — აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისი დადგენილება პრემიერ-მინისტრმა 2026 წლის 11 აგვისტოს გამოსცა.