მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 16:25
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეუთოს დასკვნით აღმოჩნდა, რომ ჯო უილსონის, ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზეა დასული ამხელა საპარლამენტო ასამბლეა

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 14:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის ღირებულებებს აცდენილი რეზოლუცია, რომელიც აჩვენებს, რომ საპარლამენტო ასამბლეა ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზეა დასული.

„ზოგადად, რეზოლუცია კარგი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ იარაღად ქცევა. ამიტომ არის, რომ დღეს ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დაკარგული აქვს ფუნქცია და არიან დანამატები, სადაც ხდება სხვადასხვა ჯგუფებიდან პოლიტიკური ბოღმის ამონთხევა. რეზოლუციით ეუთომ გააყალბა თავისი დასკვნა
– ერთი წერია საარჩევნო დასკვნაში, მეორე – რეზოლუციაში. ეუთოს ამ დასკვნით აღმოჩნდა, რომ ჯო უილსონის დონეზე არის დასული, ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზეა დასული ამხელა საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ღირებულებებს აცდენილი რეზოლუცია, რომელმაც ქართველი ხალხის თვალში ძირი გამოუთხარა ეუთოს მიმართ ნდობას”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა ეუთოსთან მომავალი თანამშრომლობის შანსებსა და დამოკიდებულებაზე.

„ჩვენ ყველას მიმართ გვაქვს დამოკიდებულება, რომ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ საკუთარ თავს აზიანებენ, აქ ჩვენ უძლური ვართ. როდესაც ქართველ ხალხს თავად აჩვენებენ, რომ ისინი არიან ქართველი ხალხის მიმართ მტრული და არამეგობრული ჯგუფების გავლენის ქვეშ, აქ ჩვენ მათ ვერაფერს ვუშველით. ამიტომ ეუთომ თავად უნდა იზრუნოს, გამოისწოროს რეპუტაცია. რამდენადაც გამოისწორებს იმდენად მჭიდრო იქნება თანამშრომლობა”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.