ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ის სავიზო რეგულაციებს დისკრიმინაციულს უწოდებს და საპასუხო ზომებით იმუქრება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, გააუქმოს ახალი სავიზო რეგულაციები, რომელიც, პეკინის შეფასებით, „დისკრიმინაციულია”.
„ჩინეთი უარყოფს აშშ-ის გადაწყვეტილებებს, რომლებიც არავის ინტერესებს არ ემსახურება”, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, პეკინი იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოელი სტუდენტების, კულტურული გაცვლის პროგრამის მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის ვიზების ვადის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი რეგულაციების თანახმად, სტუდენტური და გაცვლითი ვიზების მოქმედების ვადა ოთხ წელზე მეტი აღარ იქნება. ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ვიზა – რომელიც ამჟამად შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში მოქმედებდეს – მაქსიმუმ 240 დღით გაიცემა, ხოლო ჩინეთის მოქალაქეებისთვის – 90 დღით.