ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
250

22 ნოემბერს თბილისში, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული სპეცრაზმელის ვანო გოლოშვილის ცოლთან ინტერვიუს "სარკე" აქვეყნებს. ნინო ხელაია ამბობს, რომ ვანო, შესაძლოა, სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა. მათ ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ. 

"ვანო ბუნებით მებრძოლი იყო, როგორც თავის საქმეში, ისე ცხოვრებაში. მეგობრებს თუ ნათესავებს გამორჩეულად უყვარდათ. მეშინოდა კიდეც, ყველას ასე ძალიან რატომ უყვარს-მეთქი. ყველას იმედი იყო. სულ მეუბნებოდა, მე გმირად უნდა წავიდე ამ ქვეყნიდანო. ამბობდა, რომ არ ეშინოდა სიკვდილის და ერთადერთი, რაც აშფოთებდა, ის იყო, ბავშვები როგორ გაიზრდებიან უჩემოდ, როგორი საცოდავები იქნებიანო.

ჩვენი მარიამის დაბადებიდ დღე 30 ნოემბერს არის. შარშან ამ დროც ვერ მოახერხა ბავშვის დაბადების დღეზე ყოფნა, მორიგე იყო. ბავშვი სულ ეძებდა. საბავშვო ცენტრში შევუკვეთეთ დაბადების დღის აღნიშვნა და ვუთხარი, შარშან სულ გეძებდა ბავშვი და წელს მაინც წამოდი, რომ გული არ დაწყდეს მეთქი. იცით, რა მითხრა? წელს დაბადების დღეზე ეტყვი, რომ მამა აღარ ჰყავსო. რას ამბობ მეთქი, გადავირიე, მაგრამ ჩაიღიმა და აღარაფერი მითხრა...

ვანოს სხვა ფანჯარასთან რაღაც საეჭვო შეუმჩნევია. კადრებიც გავრცელდა ინტერნეტში, თუ როგორ გამოეყო ყველას და დაიძრა. უმიზნებს და წინ მიდის, როგორც ჩანს, უნდოდა, ის ტერორისტი ცოცხლად აეყვანა ან დაეჭირა. ამ დროს კი სხვა ფანჯრიდან ესროლეს. თავის ძვალი გაუტყდა, ჩაიფშვნა და ტვინი დაუზიანდა. რომ მოასვენეს სახლში, თავში რაღაც ჰქონდა ჩადგმული და შეხვეული.

იმ დღეს დედამთილმა დამირეკა, რაღაც ხდება ქვეყანაში და ვანო ტელეფონს არ იღებს, ვიღაც მპასუხობს და ხომ არ იცი როგორ არისო. დავაწყნარე, სულ პანიკაში ნუ ხარ მეთქი, მაგრამ თურმე რა ხდებოდა. წესად ჰქონდა, დილის 9 საათზე მირეკავდა, 5 წუთს რომ გადააცილებდა, უკვე ვღელავდი. იმ დილით არ დაურეკავს და ისე გახდა ორი საათი, ვერც შევამჩნიე. ბავშვი მყავდა წაყვანილი. ჩემს ტელევიზორში ბავშვების გამო სულ მულტფილმები გადის.

ქუჩაში მოვკარი ყური, ტელევიზორში რომ რაღაც ინფორმაციას გადმოსცემდნენ, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მეგონა საზღვარგარეთ ხდებოდა რაღაც, ამ დროს დამირეკეს სამართალდამცავებმა, სადაც ხართ იქ გაჩერდით, მოვალთო. წამიყვანეს საავადმყოფოში, მაშინ ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ და გული კიდევ მუშაობდა სუსტად. წინა დღეს დილით წავიდა სამსახურში და 22-ში საღამოს უნდა მოსულიყო. ღამის 11 საათზე დამირეკა, თურმე უკვე სპეცოპერაციაზე იყო. ბავშვები მოიკითხა და უცებ გამითიშა.

გული მეწვის, რომ ვეღარ მოვა სახლში და შვილებს თავის დიდ სიყვარულს ვეღარ გაუზიარებს. ვიცი მის სულს უხარია, ასე გმირულად რომ წავიდა და ეს მამშვიდებს. 42 წელი ახლა, 9 დეკემბერს უნდა შესრულებოდა..."






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account