ავტორი: allmedia.ge
ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
2554

მომღერალი ნინო ჩხეიძე „თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებზე არ მიიწვიეს. მისთვის ადგილი ორი დღის განმავლობაში დედაქალაქში დაგეგმილ კონცერტებზე ვერ გამოინახა, რის გამოც თავად მომღერალსა და მის მუდმივ მსმენელებსაც შეკითხვები გაუჩნდათ.

ნინო ჩხეიძე შექმნილ სიტუაციას „ფეისბუქზე“ საკმაოდ დელიკატურად გამოეხმაურა. მან დაწერა:

„სანამ პრესაში გამოქვეყნდებოდა მომღერლების სია, მორჩილად ველოდებოდი ზარს ჩემს მობილურზე მაგრამ ამაოდ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ქალაქს ჩემს ხალხს და ჩემს თაყვანისმცემლებს, ადამიანებს, ვისაც მოწონს ჩემი ნამღერი სიმღერები გაუხარდებოდათ ჩემი დანახვა თბილისობის კონცერტზე, ამ პოსტსაც იმიტომ ვწერ, რომ უმტკივნეულოდ დავაფიქსირო ჩემი მოკრძალებული აზრი – „მუდმივი არაფერია სამყაროში სიყვარულის გარდა”.

ჩახედეთ ყველამ თქვენს გულებს, გადამოწმეთ თქვენი ფიქრი და ნაბიჯიც შესაბამისი გადადგით. გულწრფელად ვულოცავ ჩემს ქალაქს წინასწარ თბილისობას და ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებას როგორც საქმეში ასევე პირად ცხოვრებაში. მუდამ თქვენი ნინო ჩხეიძე“.

ამასთან, ტვ „იბერიის“ გადაცემაში „ფაბრიკა“ სტუმრობის დროს ნინო ჩხეიძემ ხაზი გაუსვა, რომ არ მიაჩნია თავი დაჩაგრულად და არ მიაჩნია, რომ თავისი ქმრის (გიორგი კორახაშვილი, ბიზნესმენი, „ალგორითმის“ ხელმძღვანელი და მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ დამფუძნებელი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, უკრაინაში იმყოფება და არაერთხელ გაუკეთებია განცხადება ხელისუფლების მხრიდან მისთვის ბიზნეს-საქმიანობაში ხელის შეშლის შესახებ, პოლიტიკური პოზიციის გამო) გამო ისჯება.

მისი თქმით, არც გაბოროტებულია კონცერტებზე არმიწვევის გამო, მაგრამ დარწმუნებულია, რომ თბილისელების, დედაქალაქის სტუმრების იმ ნაწილს, ვინც მისი მსმენელია, რომელიმე კონცერტზე მისი ხილვა გაუხარდებოდა.

მას გადაცემის წამყვანიც დაეთანხმა. გიორგი გასვიანმა აღნიშნა:

„2012-მა წელმა მოიტანა ის, რომ უკვე აღიარებული ნინო ჩხეიძე, რომელიც შეიყვარა ხალხმა, რომელსაც ითხოვს ხალხი, დაიჩრდილა. მე ვიცი, რომ შენი დისკები იყიდება, ვიცი, რომ შენ სიამოვნებით გისმენენ, სადაც უნდა შეხვიდე, ყველგან ნინო ჩხეიძე ჟღერს“.

„არც იმას ვითხოვ, რომ ყველა კონცერტზე ვიყო მიწვეული, მესმის ისიც, რომ ზოგჯერ ფორმატში ვერ ჩაჯდები, მაგალითად, 26 მაისს. მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში რომ ვერცერთ კონცერტზე ვერ მოხვდები, ცოტა არ იყოს, კითხვებს ბადებს.

მე კი არ ვერთობი ამ საქმით - 2012 წლის შემდეგ ეს არის ჩემი ძირითადი საქმიანობის სფერო, შემოსავლის წყარო, ბიზნესი, ასე ვთქვათ. უამრავი გასვლა მაქვს, კორპორატიული საღამო. ამასთან, 2012 წლამდეც, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, არცერთ კონცერტზე 26 მაისს, თბილისობაზე მე არ მიმღერია, მაგრამ არ ვიღებდი ხმას, რადგან ვიცოდი, რომ წელიწადში ერთხელ, ახალი წლის ღამეს ტარდება გრანდიოზული გალა-კონცერტი, სადაც ყველა ცნობილი მომღერალი იღებს მონაწილეობას.“

„მე არ მგონია, რომ ვინმე მბლოკავს ზემოდან, რადგან არასდროს მქონია მჭიდრო კავშირი პოლიტიკასთან, არ ვყოფილვარ პოლიტიზირებული და წინა ხელისუფლებასთან ჩემი დამოკიდებულება ვანო მერაბიშვილის ოჯახთან მეგობრობით შემოიფარგლებოდა.

ამიტომ, ჩემი აზრით, ზემოდან კი არ მბლოკავენ, ზოგადად, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან კონცერტების ორგანიზატორები, უჩნდებათ გრძნობა, რომ თუ დამბლოკავენ, ზემოთ ეს მოეწონებათ“, - თქვა ნინო ჩხეიძემ.

გადაცემის წამყვანმა პირდაპირ ეთერში რუსა მორჩილაძესაც დაურეკა, რომელიც დავით დოიაშვილთან ერთად გალა-კონცერტის ორგანიზატორია. გიორგი გასვიანის შეკითხვაზე, რატომ ვერ გამოინახა ვერცერთ კონცერტზე ადგილი ნინო ჩხეიძისთვის, რუსა მორჩილაძემ უპასუხა, რომ კითხვაზე პასუხის გაცემის დრო არა აქვს:

„ყველას მოგიკითხავთ, ვისაც ჩემი მოუცლელობის გამო ვერ გნახულობთ, ძალიან მინდოდა შენს გადაცემაში მოსვლაც, მაგრამ ვერ მოვახერხე, ახლა კი მინდა, რომ მაცალოთ, ვერ გაგცემთ ვრცელ პასუხს“, - განაცხადა მან.

ნინო ჩხეიძემ გადაცემაში რუსა მორჩილაძის მიერ საგანგებოდ მისთვის დაწერილი სიმღერა „ამაღამ“ შეასრულა.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account