თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების მოთხოვნა ნაგავსაყრელის სოფლის მოშორებით გადატანაა. მათი თქმით, სოფლიდან 3 კილომეტრში მდებარე ნაგავსაყრელის დაკონსერვებას და მოშორებით მოწყობას წლებია ითხოვენ, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ არის.
აქციაზე შეკრებილებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ვითარება მალე განიმუხტა.
სოფელ გულგულას მოსახლეობა აცხადებს, რომ წლებია სუნის და ანტისანიტარიის გამო ცხოვრება გაუსაძლისია, რადგან ფანჯრებს ვერ აღებენ და ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ.
ასევე, მათი განცხადებით, ნაგავსაყრელის ახლოს ჭაბურღილი მდებარეობს, რომლითაც სოფელი გულგულა სასმელი წყლით მარაგდება.