თსსუ-მ 2026 წლის კურსდამთავრებულები პროფესიული ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. 9 ივლისს უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ სტუდენტები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, საპატიო სტუმრები და უნივერსიტეტის მრავალწლიანი ტრადიციის თანამონაწილეები, რათა ერთად ეზეიმათ თსსუ-ის კიდევ ერთი სიამაყის დღე და ასობით ახალგაზრდისთვის ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი.
9 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა პროფესიულ გზაზე მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების, ასევე საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების 684 კურსდამთავრებული გააცილა.
დღის სადღესასწაულო პროგრამა 16:00 საათზე დაიწყო. უნივერსიტეტის სივრცე მრავალფეროვან აქტივობებს და ფოტოზონებს მასპინძლობდა, რამაც კურსდამთავრებულებს, მათ ახლობლებს და სტუმრებს დაუვიწყარი ემოციებით სავსე გარემო შეუქმნა. გამოსაშვებ საღამოს განსაკუთრებული განწყობა შესძინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბენდმა, რომელმაც მუსიკალური გაფორმება უზრუნველყო.
‘’იყავით ერთგული უწყვეტი განათლების და იყავით მუდმივად პაციენტის კეთილდღეობაზე ორიენტირებული…’’
19:00 საათზე დაიწყო ცერემონიის ოფიციალური ნაწილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა.
რექტორმა კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა, მადლობა გადაუხადა მათ მრავალწლიანი შრომისთვის და უსურვა, რომ ყოველთვის ახსოვდეთ და არასდროს დაავიწყდეთ პროფესიული ცხოვრების გზაზე მედიცინის ფუნდამენტური პრინციპები – „არ ავნო“ და უწყვეტი განათლება.
‘’ძვირფასო კურსდამთავრებულებო, დღეს თქვენ იღებთ დიპლომს, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის თქვენი სწავლის დასასრული — ეს არის დასაწყისი. თქვენ აირჩიეთ პროფესია, რომელშიც ცოდნა ყოველდღიურად ახლდება, პასუხისმგებლობა არასოდეს მცირდება და თითოეულ გადაწყვეტილებას შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ედგას უკან. მაგრამ არსებობს ერთი პრინციპი, რომლის გარეშეც ცოდნა, გამოცდილება და კეთილი სურვილებიც კი შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს და ეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინაა…
ძვირფასო კურსდამთავრებულებო, დღეს თქვენ იღებთ არა მხოლოდ დიპლომს, არამედ საზოგადოების ნდობას. ეს არის უდიდესი პატივი და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა.
– იყავით მედიცინის დარგის მუშაკები, რომლებიც არასოდეს შეწყვეტენ სწავლას!
– იყავით მედიცინის დარგის მუშაკები, რომლებიც ყოველთვის დასვამენ კითხვებს, სანამ პასუხს დაიჯერებენ!
– იყავით მედიცინის დარგის მუშაკები, რომლებიც არასოდეს გაცვლიან მტკიცებულებას ვარაუდში და პროფესიულ ეთიკას – მოხერხებულობაში!
სამედიცინო საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რამდენი ადამიანი იქნება ჯანმრთელი იმის გამო, რომ თქვენ ერთხელ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ.
მე მინდა გთხოვოთ, თქვენ ყველას, როგორც რექტორმა, როგორც პედაგოგმა, როგორც უფროსმა კოლეგამ უმცროს კოლეგებს – იყავით ერთგული უწყვეტი განათლების და იყავით მუდმივად პაციენტის კეთილდღეობაზე ორიენტირებული. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ, რომ თქვენი პროფესიული გზა ყოველთვის ცოდნით, პასუხისმგებლობითა და ადამიანურობით იყოს გამორჩეული და გახსოვდეთ, რომ თქვენი უნივერსიტეტი, თქვენი ალმა-მატერი არის და ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით.’’ – აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
კურსდამთავრებულებს პროფესიული ცხოვრების ახალი ეტაპი მიულოცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ:
”გულითადად გილოცავთ დღევანდელ განსაკუთრებულ დღეს! დღეს სრულდება თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი და იწყება სრულიად ახალი გზა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ თითოეულ თქვენგანს შეჰყვარებოდა ეს ღირსეული პროფესია, შეგეძინათ ცოდნა, გამოცდილება და ის ღირებულებები, რომლებიც სამედიცინო სფეროს საფუძველს წარმოადგენს. გულწრფელ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის პროფესორებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ დიდი საქმის კეთებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
თქვენ აირჩიეთ პროფესია, რომელიც ყველა პროფესიას შორის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილურია და ყველაზე ახლოს დგას ჰუმანიზმის უმთავრეს პრინციპებთან.
მნიშვნელოვანია ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის მოწოდება. თითოეული თქვენგანისთვის ცხოვრების მთავარ მიზნად უნდა იქცეს ადამიანის დახმარება, ბრძოლა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. სწორედ ეს აქცევს თქვენს პროფესიას გამორჩეულად და სწორედ ამიტომ არის ის მილიონობით ადამიანისთვის აღფრთოვანებისა და პატივისცემის საგანი. გისურვებთ დიდ წარმატებას პროფესიულ გზაზე.”
წარმატეტებები უსურვა კურსდამთავრებულებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ:
„ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანი დღეა თქვენთვის. თქვენ გაქვთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესია მსოფლიოში – პროფესია, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. გისურვებთ წარმატებას ამ ურთულეს გზაზე, რომელიც თქვენს პროფესიას თან ახლავს”.
ღონისძიებაზე, ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე:
„დღეს სიამაყით, ბედნიერები, განათლებულები და გამარჯვებულები ტოვებთ თქვენს საყვარელ ალმა-მატერს. გილოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ – დღეს, როდესაც ცხოვრების ახალ გზაზე დგახართ.”
კურსდამთავრებულებს მიმართა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ:
„ექიმის პროფესია, თავისი ფიციდან გამომდინარე, სრულიად უანგაროა. ეს არის საკუთარი თავის მიძღვნა თითოეული პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სამსახურში. თქვენ ხდებით ადამიანების მესაიდუმლეები, მათი ნდობის მატარებლები, და ეს უდიდესი პატივი და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ექიმს მრავალი გამოწვევა აქვს. მისი მოწინააღმდეგეები არიან დაავადებები, მიკრობები, ვირუსები, ცხოვრების არაჯანსაღი წესი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უცოდინრობა. თუმცა, ნამდვილი ექიმი არასოდეს ერიდება თქვას – „არ ვიცი“, რადგან სწორედ ამ სიტყვებით იწყება ახალი ცოდნის ძიება. მედიცინაში კოლეგიალურობა უდიდესი ძალაა. ექიმს ყოველთვის ჰყავს კოლეგა, რომელმაც შეიძლება მეტი იცოდეს, მეტი გამოცდილება ჰქონდეს ან განსხვავებული ხედვა შესთავაზოს.
უწყვეტი სწავლა, თვითგანვითარება, ცოდნის მიღება ყველასგან და ყველაფრისგან – ეს უნდა იქცეს თქვენი პროფესიული და პირადი ცხოვრების მთავარ პრინციპად. ”
კურსდამთავრებულებს, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს – თსსუ-ის მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების დეკანებმა.
მათ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განსაკუთრებულ როლზე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, კურსდამთავრებულებს პროფესიული წარმატება უსურვეს და აღნიშნეს, რომ საზოგადოება მათგან მაღალ პროფესიონალიზმს, ჰუმანურობასა და პასუხისმგებლობას ელის.
მანტიებით შემოსვის ცერემონია და საზეიმო ფიცი
საღამოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური ეპიზოდი ფაკულტეტების ყველაზე მაღალრეოტონგულ კურსდამთავრებულთა მანტიებით შემოსვის ცერემონია იყო. ამის შემდეგ 684-მა კურსდამთავრებულმა ერთხმად წარმოთქვა საზეიმო ფიცი, რომ პროფესიულ საქმიანობაში ერთგული იქნებიან პროფესიის ფუნდამენტური ღირებულებების, მაღალი ეთიკური სტანდარტებისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის.
საღამოს კულმინაცია ტრადიციულად ქუდების ცაში ასროლა გახდა. ეს სიმბოლური წუთი, რომელიც ყოველ წელს აერთიანებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, ამჯერადაც ემოციებით, სიხარულითა და მომავლის იმედით იყო სავსე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით და რწმენით აცილებს მათ პროფესიულ გზაზე – გზაზე, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსებაა.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.