მამაკაცს ეგონა, კბილი სტკიოდა, სინამდვილეში კი ინფარქტი დაუდგინდა

მოსკოვში მცხოვრებმა მამაკაცმა სტომატოლოგებს კბილის ძლიერი ტკივილით მიმართა, მკურნალობის 1.5 თვის შემდეგ კი ინფარქტით რეანიმაციაში მოხვდა. ამის შესახებ Telegram-არხი Mash წერს.
მამაკაცი ჩიოდა, რომ ტკივილი ყბაში იწყებოდა, შემდეგ კი ყელსა და მკერდში გადადიოდა. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ქვედა მეშვიდე კბილი ნამდვილად საჭიროებდა მკურნალობას, თუმცა ასეთ ძლიერ ტკივილს, რასაც პაციენტი განიცდიდა, ვერ გამოიწვევდა.
მიუხედავად ამისა, მამაკაცს მკურნალობა ჩაუტარეს და განმეორებითი გამოკვლევა ყბა-სახის ქირურგთან ერთად გაიარეს. საბოლოოდ მას კარდიოლოგთან მიმართვა ურჩიეს, თუმცა ავადმყოფმა არ დაიჯერა, რომ გულის პრობლემები ჰქონდა და სხვა კლინიკაში წავიდა. იქ განუცხადეს, რომ ექიმები „არასწორ კბილს“ მკურნალობდნენ და ახალ პროცედურაზე ჩაწერეს.
მამაკაცის ცოლი პირველ კლინიკას დაუკავშირდა, საიდანაც კვლავ გულის შემოწმება ურჩიეს. ქალმა დაიჟინა, რომ ქმარს გამოკვლევა ჩაეტარებინა. კარდიოლოგმა ეჭვი მიიტანა გულის პრობლემაზე და პირდაპირ კაბინეტიდან გამოიძახა სასწრაფო დახმარება. პაციენტს ინფარქტი დაუდგინდა, ის რეანიმაციაში გადაიყვანეს და სტენტი ჩაუსვეს. ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.