პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4,286 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“, რომელიც ბათუმში, უკანონოდ მიჰყიდა ერთ პირს.
„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260-ე ტერცია მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.