მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 17:29
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სოფიო სიგუა-შატბერავა – იოსებ სიგუას ადვოკატი, გადაფარვის მიზნით, ცდილობს აქცენტი ქონებაზე გადაიტანოს, თუმცა ჩვენ ყველაფერი თანაცხოვრებაში გვაქვს შეძენილი, აქედან გამომდინარე, ამაზე ვერ იდავებ, ისედაც 50/50-ზეა

IPN.ge 16 ივლისი, 2026 · 16:23 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ადვოკატი ცდილობს აქცენტი ქონებაზე გადაიტანოს, თუმცა ჩვენ ყველაფერი თანაცხოვრებაში გვაქვს შეძენილი, აქედან გამომდინარე, ამაზე ვერ იდავებ, ისედაც 50/50-ზეა – ეს არის სრული აბსურდი, – ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის ყოფილმა მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, იოსებ სიგუა შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს და სწორედ ამის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩაინიშნა.

სოფიო სიგუა-შატბერავა აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნა სრულიად ალოგიკურია.

„მან სამაჯურის გაუქმება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. ახლა უკვე ითხოვს მხოლოდ შემაკავებლის გაუქმებას, მაგრამ ეს არის სრულიად ალოგიკური. ეს სამაჯური არის გამოწვეული ზუსტად შემაკავებელი ორდერიდან. არ ვიცი, ეს მოთხოვნა რამდენად ლეგიტიმურია, თუმცა ჩაინიშნა სასამართლო პროცესი. საფრთხე ყოველთვის დიდი იყო, იმიტომ რომ ის ყოველთვის ჩემს ირგვლივ მოძრაობდა. შემაკავებელი ორდერი მაგ მოტივით გამოუწერეს.

მე არანაირი დავა არ დამიწყია, არანაირი საჩივარი არ არსებობს ჩემი. ეგ არის თავისი დანაშაულის გადაფარვის მცდელობა. პირიქით, თვითონ დაიწყო დავა დედაჩემის წინააღმდეგ, ჩემს წინააღმდეგ არა. ადვოკატი, გადაფარვის მიზნით, ცდილობს აქცენტი ქონებაზე გადაიტანოს, თუმცა ჩვენ ყველაფერი თანაცხოვრებაში გვაქვს შეძენილი, აქედან გამომდინარე, ამაზე ვერ იდავებ, ისედაც 50/50-ზეა. ეს არის სრული აბსურდი,“ – განაცხადა სოფია სიგუა-შატბერავამ.

ცნობისთვის, თავდაპირველად სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა. მოგვიანებით, შატბერავამ აღნიშნა, რომ იოსებ სიგუას სამართალდამცავებმა ელექტრონული სამაჯური „შეაბეს“. ამასთან, მას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი და იარაღის ტარების უფლება შეეზღუდა.

რაც შეეხება ადვოკატების პოზიციას – იოსებ სიგუას უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება და სოფიო სიგუას მიზანია, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ქონება მიიღოს.