“შემოვიდა ექოსკოპისტი, ამბობდა თუ რამხელა და რა ცუდი კვანძი იყო… იმ ქალის ხმა ჩამესმოდა ყურში” – Ambebi.ge-ს მთავარი რედაქტორი ონკოპაციენტების რთულ გზასა და დაბრკოლებებზე

ონკოლოგიურ დიაგნოზთან შეჯახება პაციენტს არა მხოლოდ დაავადებასთან, არამედ ბიუროკრატიასთან, მედიკამენტების მაღალ ფასებთან და ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებთან პირისპირ ტოვებს.
საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც დაავადებების მკურნალობის პროცესში დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მედიაპლატფორმა Ambebi.ge-ს მთავარი რედაქტორი, ნათია დოლიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯაროდ საუბრობს. ძუძუს კარცინომის დიაგნოზის დასმიდან მკურნალობის მიმდინარე ეტაპამდე ის არაერთი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. ნათიამ საინფორმაციო ვიდეოების ჩაწერაც დაიწყო და ამ გზით ცდილობს, იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვიან, მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიაროს.
რა ბარიერებს აწყდებიან პაციენტები საქართველოში დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობის ეტაპზე, რატომ არის აუცილებელი თანამედროვე მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება და რა როლი აქვს რუტინულ სკრინინგს – ამ და სხვა საკითხებზე Ambebi.ge-ს მთავარი რედაქტორი ნათია დოლიძე საუბრობს:
– თავდაპირველად არანაირი სიმპტომი ან ტკივილი არ მქონია. არც ამ ეტაპზე მაქვს. უბრალოდ, ერთ დღეს მკერდში სიმაგრე აღმოვაჩინე. შვებულება მეწყებოდა და უცხოეთში მივდიოდი, ეს სწორედ გამგზავრებამდე 2 დღით ადრე მოხდა. რადგან ორ კვირაში სიმაგრემ არ გაიარა, დაბრუნებისთანავე ოჯახის ექიმს დავუკავშირდი, შემდეგ კი ექოსკოპისტთან მივედი. ექოსკოპიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაფერი წესრიგში არ იყო. ჩემი ვიდეოები თუ გინახავთ, იქაც ვყვები: ჩემთან შემოვიდა ექოსკოპისტი, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან არასწორად მოიქცა. ფაქტობრივად, გამოიტირა პაციენტი, რომელიც პირველად მივიდა იმის გასარკვევად, თუ რა სჭირდა. ატეხა ვაიუშველებელი, თუ რამხელა და რა ცუდი კვანძი იყო.
ამ დროს ექოსკოპისტს ეს საერთოდ არ ევალება და უფლებაც კი არ აქვს, პაციენტს დიაგნოზზე ელაპარაკოს, მით უფრო ვაების შორისდებულებით. პაციენტს შეიძლება, უთხრას, რომ მამოლოგთან მივიდეს ან ბიოფსია ჩაიტაროს, მაგრამ მეტი არაფერი ევალება.
იქიდან საკმაოდ შეშინებული წამოვედი. მეგონა, რომ მართლა უბედურება მჭირდა, რაღაც განუკურნებელი და გზაში უკვე გეგმებს ვაწყობდი, რა უნდა მომესწრო… თუმცა, მეორე დღეს გავიაზრე, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენი ექიმები დიაგნოზის დასმისას ხშირად ცდებიან, ექოსკოპისტის ლაპარაკისთვის ყურადღება არ უნდა მიმექცია. მეორე დღიდანვე ეს შოკი დავძლიე. ამ პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ის ერთი ღამე არ მძინებია, როდესაც იმ ქალის ხმა ჩამესმოდა ყურში… წაიკითხეთ ვრცლად