“ცისკარი S90”-ის ეგიდით, ქართველი მთამსვლელები, ანტარქტიდის უმაღლეს მწვერვალზე, მთა ვიუნსონზე ავლენ, შემდეგ კი, 111-კილომეტრიან ლასტ დეგრეს მარშრუტს სამხრეთ პოლუსამდე თხილამურებით გაივლიან

ალპინიზმის ლეგენდას, ცნობილ ქართველ მთამსვლელ ბიძინა გუჯაბიძეს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ის და მისი მეგობრები 2026 წლის ნოემბერში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პოლარულ მარშრუტს გაივლიან. “ცისკარი S90”-ის ეგიდით ჯერ ანტარქტიდის უმაღლეს მწვერვალზე, მთა ვიუნსონზე ავლენ, ხოლო შემდეგ 111-კილომეტრიან ლასტ დეგრეე -ის მარშრუტს სამხრეთ პოლუსამდე თხილამურებით გაივლიან. ამ კომბინირებული ექსპედიციის სრული მარშრუტი დღემდე მსოფლიოს სულ დაახლოებით 150 კაცს აქვს გავლილი. ექსპედიციაში სამი ქართველია: ქართული ალპინიზმის ლეგენდა, საერთაშორისო სამთო გამყოლი ბიძინა გუჯაბიძე, გლაციოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი და გარემოს მკვლევარი გიორგი გოცირიძე და ექსტრემალური ექსპედიციებისა და დოკუმენტური პროექტების ვიდეოგრაფი ნიკა ლებანიძე.
როგორც ბიძინა გუჯაბიძე ამბობს, ეს მისთვის სიახლეა, ახალი გამოწვევა და დარწმუნებულია, რომ იქიდან ახალი შთაბეჭდილებებით და დიდი გამოცდილებით დატვირთული დაბრუნდება.
ანტარქტიდა დედამიწის კლიმატური სისტემის ერთ-ერთი მთავარი რეგულატორია. იქ მიმდინარე ცვლილებები გავლენას ახდენს ოკეანეებზე, ამინდზე, წყლის რესურსებსა და მყინვარებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კავკასიაშიც. სწორედ ამიტომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ამ პროცესების დაკავშირება საქართველოს რეალობასთან. როგორც შევიტყვეთ, შეიქმნება იუთუბ-არხი, სადაც მსურველებს შეუძლიათ თვალი ადევნონ მონაწილეების სვლას ამ ურთულეს გზაზე. როგორც ამბობენ, ამ პროექტის მიზანია ანტარქტიდაზე მიღებული გამოცდილება გადაიქცეს საზოგადოებისთვის გასაგებ ცოდნად და საგანმანათლებლო ინიციატივებად, რაც გარემოს დაცვისა და ადაპტაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
– ბატონო ბიძინა, ანტარქტიდის დაგეგმილ ექსპედიციაზე გვიამბეთ.
– ეს არის ახალი კონტინენტი, ახალი გარემო, ყინულის უდაბნო, ადგილი, სადაც რამდენიმე ათასი წელია ნალექი არ მოსულა. ასეთ გარემოში არა ვარ ნამყოფი. ძალიან მძიმეა პოლუსისკენ მიმავალი გზა, 120 კილომეტრამდე უნდა გავიაროთ პლატოზე, რომელიც ფაქტობრივად ზღვის დონიდან 3000 მეტრზეა. იქ არ არის ორიენტირი, არ არის მთები, მზე არ ჩადის, ცოტათი შებინდდება და 1-2 ვარსკვლავი შეიძლება გამოჩნდეს. ეს იმდენად მძიმეა, ვესტიბულარულ აპარატსაც ძალიან უჭირს. შეიძლება გაჭირდეს აღქმა, ამიტომ ორიენტაციისთვის მუდმივი კონტროლია საჭირო ჯი-პი-ესით, კომპასით. მე რამდენჯერმე ვიყავი სამხრეთ ნახევარსფეროში, სადაც სულ სხვანაირია ცა, ვარსკვლავები, თანავარსკვლავედები… ეს ძალიან ძნელი დასანახია, შეიძლება რამდენიმე ვარსკვლავი შენიშნოთ. დაახლოებით ორი კვირა უნდა ვიყოთ მინსონზე, კიდევ ორი კვირა ცალკე დამოუკიდებელი ექსპედიცია სამხრეთ პოლუსისკენ სვლა იქნება. ტვირთი 60-დან 100 კილოგრამამდე აღწევს, ციგებით უნდა ვათრიოთ. საქართველოდან სამნი ვიქნებით. ადგილების დაკავება წინასწარ ხდება. ჯგუფი შეიძლება 8-კაციანი იყოს. მოკლედ, ვემზადებით ასვლისთვის.
– როგორ ემზადებით ხოლმე ასეთ დროს?
– პროფესიონალი მთამსვლელი ვარ, სამთო გიდი, გიდს ვარჯიშისთვის დრო არც რჩება, რადგან მუდმივად მუშაობს. გუშინწინ ჩამოვედი მყინვარწვერიდან, ხვალ მეტეოსადგურში უნდა ვიყო და დავიწყოთ ახალი ასვლა. რამდენიმედღიანი ინტერვალით მიწევს ხან მყინვარწვერზე, ხან უშბაზე ასვლა, ჩემი ვარჯიში მუშაობაა.
– რა ასაკში გაგიტაცათ ალპინიზმმა?
– წლებია გაზეთებთან ინტერვიუზე უარს ვამბობ, მაგრამ, რადგან დაგთანხმდით, ვეცდები მაქსიმალურად დავაკმაყოფილო თქვენი ინტერესი. დედაჩემი ბიბლიოთეკარი იყო, სოფელში ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა, დიდი ფანჯრებით, ახალშეღებილი იატაკით. ხშირად მივდიოდი იქ და ვკითხულობდი სათავგადასავლო წიგნებს. მაშინ მივხვდი, რომ მაინტერესებდა ბუნებაში ცხოვრება. ბაბუას ბიძაშვილი გეოლოგი იყო, ეს პროფესია მომეწონა და 1977 წელს ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგიის ფაკულტეტზე. აღმოჩნდა, რომ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ალპინიადა მთაში მიდიოდა და მეც ჩავეწერე. იქ რომ ავედით, მივხვდი, მთა, მთამსვლელობა, ბუნებასთან დაკავშირებული სპორტი ყველაზე ახლობელი იყო ჩემთვის. რომ ვფიქრობ, ალბათ, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მეზღვაურიც, თუმცა გავცდი ამ მიმართულებას. ჯერჯერობით წარსული ცხოვრებით კმაყოფილი ვარ, გარემო, ჩვენი ქვეყანა, სოციალური, პოლიტიკური მდგომარეობა რის შესაძლებლობასაც მაძლევდა ვცდილობდი მაქსიმალურად გამომეყენებინა. ალბათ შეიძლებოდა დროის უფრო უკეთესადაც გამოყენება, მაგრამ თავიდან რომ დავიწყო, ალბათ, ისევ ამ გზას ავირჩევდი, თუმცა დროს უფრო ეფექტურად გამოვიყენებდი.
– პირველად რომელ მთაზე ახვედით?
– ყველაფერს პირველს ყოველთვის ახლავს განსაკუთრებული მღელვარება. ანტარქტიდის ექსპედიციაც პირველი იქნება ჩემთვის, პირველი ნაბიჯი ახალ კონტინენტზე, ყინულის უდაბნოში. რა თქმა უნდა, მქონია მსგავსი გამოცდილება, მაგალითად, ალასკაზე, მწვერვალ დენალიზე, მაგრამ ესეც ძალიან საინტერესო იქნება. პირველი ასვლა დასამახსოვრებელი იყო, 1979 წელს, როცა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ალპინიადა მეგობრებთან ერთად ყაზბეგში ავედით, სტეფანწმინდაში. საოცარი იყო ყინულთან შეხება, კლდეზე პირველად ცოცვა, მთამსვლელებთან შეხვედრა, კარავში ცხოვრება, პირველი სამაშველო ოპერაცია, მწვერვალი გორი… მოკლედ, ასე დავრჩი მთაში. მეგობრებიდან რამდენიმემ გააგრძელა მთაში სიარული. რამდენიმე დღის წინ ჩემს ძველ მეგობარს შევხვდი მთაში და აღმოჩნდა, რომ ჩვენი თაობიდან მარტო ჩვენ ვართ ამ სფეროში დარჩენილი. ვინც 60 წელს გადააბიჯა, უკვე აღარ დადის. მე 67 წლის გავხდები მალე და კიდევ დიდხანს ვაპირებ მთაში სიარულს.
– თქვენი ერთი დღე როგორია?
– რეალურად ერთადერთი ნატვრა მაქვს, რომ გვქონდეს ვარჯიშის საშუალება, მაგრამ ამას ბევრი რამ სჭირდება: სიმშვიდე ქვეყანაში, ოჯახში კარგი განწყობა, სიხარულისთვის მზადყოფნა. მინდა მქონდეს რეგულარულად ვარჯიშის, ცოცვის საშუალება. ამას ვერ ვახერხებ მიზეზთა გამო, თორემ უკეთესი გასაკეთებელი საქმე არა მაქვს. სად რას მოვახერხებ, ესაა. უმეტესად ეს არის მთაში მუშაობა გიდად, ექსპერტად, მასწავლებლად ან მაღლივი სამუშაოები, შუშების რეცხვა, კონსტრუქციები, ბადეების დაკიდება, ან სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის კურსებზე სწავლება. იშვიათად ვახერხებ ველოსიპედით სიარულს და კიდევ უფრო იშვიათად – ცოცვას.
– რთული პროფესია გაქვთ და ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა.
– მეუღლის როლი დიდია. ერთმანეთი რომ გავიცანით, მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი რამ გვქონდა საერთო: ბავშვობა, მოგონებები, ერთნაირი ლიტერატურა გვიყვარდა. ერთმანეთი ჩემი კურსელის ოჯახში გავიცანით. მაშინ ჩემმა მეუღლემ არ იცოდა, მთამსვლელი რომ ვიყავი. იმხანად ახალგაზრდებს შეხვედრები ძირითადად ჩაის სახლში, პატარა ბარში გვქონდა ხოლმე. იქ იკრიბებოდნენ ალპინიადაზე ნამყოფები, დამწყები მთამსვლელები, რომლებსაც რამდენიმე დღე ჰქონდათ მთაში გატარებული, თითოეულს დიდი მთამსვლელი ეგონა საკუთარი თავი. მეუღლესაც ერთ-ერთი მათგანი ვეგონე. ყველა მთამსვლელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა, უამისოდ წარმოუდგენელია მთაში ხანგრძლივად დარჩენა. თუ ოჯახი არ გიშვებს, მუდმივად გექაჩება, არაფერი გამოგივა. ძალიან გამიმართლა, ასეთი კარგი ადამიანი რომ შემხვდა. კარს რომ გამოვიხურავდი, იმედიანად მივდიოდი და ვბრუნდებოდი, ვიცოდი, რომ სახლში მელოდნენ, ვიცოდი, რომ დაბრუნება ყოველთვის სასიხარულო იყო. ალპინიზმი მრავალეტაპიანი პროცესია, რომელშიც უკან დაბრუნება ყველაზე მნიშვნელოვანია.
– ახალი თაობა თუ არის ალპინიზმით დაინტერესებული?
– დღეს უფრო ადვილია აღჭურვილობის შეძენა. ადრე ის, რაც თვითონ უნდა შეგვეკერა ან უცხოელებთან გაგვეცვალა, ან გვეყიდა, ახლა თავისუფლად ხელმისაწვდომია. ამას გარდა, კარგად იყენებენ თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებს, კარგად აშუქებენ, შეიძლება საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა, გაყიდვა. ადრე თუ ითვლებოდა, რომ ეს უმაყურებლო სპორტია, ახლა ბევრი მაყურებელი ჰყავს. ადრე ზურგჩანთიან ადამიანს რომ დავინახავდით ქალაქში, ვიცოდით, ის ჩვენი მეგობარი იყო. ხშირად პოლიცია გვჩხრეკდა, რას დაათრევთ ამ ჩანთითო. ჯერ კიდევ შეყვარებულები ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, ვსეირნობდით და მილიციელები რომ მცნობდნენ და მესალმებოდნენე, მკითხა, მილიციაში ხომ არ მუშაობო. ცოტანი ვიყავით ამ საქმით დაკავებული. ახლა უკვე ბევრს ერთნაირად გვაცვია, ერთნაირად დავდივართ. უკვე არის სხვადასხვა კლუბი, ჯანსაღია კონკურენციაც და ძალიან კარგ ასვლებსაც აკეთებენ ახალგაზრდები, მათგან ზოგს ჩემთანაც უვლია, ზოგი ჩემი მოსწავლეც ყოფილა, აქვთ მსოფლიო მნიშვნელობის ასვლები. ადრე ალპინიზმი პირადი ამბიციებისთვის, საკუთარი თავის აღმოჩენისთვის, ინტერესისთვის იყო. ჩვენი წარმატებით, საინტერესო ასვლით ჩვენ თვითონ ვიყავით ბედნიერები. ძალიან ვიწრო იყო წრე, ვისაც ეს ესმოდა. ახლა მეტი მაყურებელი, მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი მთამსვლელების მატერიალური მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო. დღეს მთამსვლელობა, გიდობა ევროპაში პროფესია გახდა, მთამსვლელს შემოსავალი გაუჩნდა.. მაშინ ინფორმაციის ნაკლებობაც იყო და როცა გავიგეთ, რომ ასეთი პროფესია არსებობს, მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ საშუალებების ძებნა, როგორ გავმხდარიყავით საერთაშორისო სტანდარტის გიდები. შვეიცარიელებთან კურსები გავიარეთ და საერთაშორისო ფედერაციების ასოციაციის წევრობის კანდიდატები გავხდით, მაგრამ მძიმე 90-იანი წლების გამო ვეღარ მოვახერხეთ რეგულარული სწავლება და სტუდენტების გამოშვება. ყირგიზებმა ჩვენზე ადრე მოახერხეს, შემდეგი ვიყავით ჩვენ, ანუ დაახლოებით 32 წელი დაგვჭირდა, რომ გავმხდარიყავით ასოციაციის წევრები. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან მარტო ორი ქვეყანა ვართ.
ჩვენს სკოლაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები სწავლობენ. ძლიერი ასოციაცია გვაქვს, უკვე 39 წევრი გვყავს. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის. გიდებზე მოთხოვნა ძალიან დიდია.
– რა გამოცდილება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ შეისწავლოს გიდის პროფესია?
– ამ საქმეში ჩართული არიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაცია, განათლების სამინისტრო და სამთო კურორტები. ადრე ორწლიანი იყო სწავლება, მაგრამ არ კმარა და სამწლიანი გახდა. შარშან 60 კაციდან 20 მივიღეთ, საბოლოოდ კი სამი-ოთხი ამთავრებს. ყველა გამოცდა ფაქტობრივად უცხოელი ექსპერტების მეთვალყურეობით ხდება. ეს ჩვენი გამოცდაცაა. თუ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებ, შეიძლება სწავლება შეაჩერონ.
– მაგალითად, მყინვარწვერზე ასვლის მსურველი რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს?
– მთავარია, გადაწყვეტილება, დანარჩენს გიდი აგვარებს. ის იძლევა ინფორმაციას, ასწავლის, უყალიბებს უნარ-ჩვევებს და იწყება ასვლა. მე გადავწყვიტე ქართველებთან ვიმუშაო, უცხოელებთან მუშაობა აღარ მინდა. როცა უცხოელების ჯგუფი აგყავს, ამ ხუთ დღეში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, როგორც ფიზიკური, ისე ემოციური, ბოლოს კი შორიდან ხელს დაგიქნევენ და წავლენ. ქართველისთვის მიცემული ცოდნა, გამოცდილება აქ რჩება, ურთიერთობაც გრძელდება და ეს ძალიან სასიამოვნოა.
ალპინიზმში ყველაზე მეტად იგრძნობა მემკვიდრეობითობა. გახა წიკლაური, იაგორე კაზალიკაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, ჯაფარიძეები, კვიციანები, ხერგიანები, თევდორაშვილი და ბევრი სხვა რომ არ ყოფილიყვნენ, ქართული ალპინიზმი არ იარსებებდა. მომხდარა დიდი ტრაგედიები ჩვენთანაც, 90-იან წლებში მძიმე ეკონომიური მდგომარეობაც იყო, მაგრამ მაინც ვცდილობდით ტრადიციების შენარჩუნებას. რამდენიმე კაცი მაინც დავდიოდით. რომელიმე ერთი თაობის დამსახურება არ არის, მთელი ამ კოლექტივის დამსახურებაა – ვინც ჩვენამდე დადიოდა, ვინც ახლაც დადის და ვინც მერე ივლის.
R