Reuters – ლიბიის ეროვნული ნავთობის კორპორაცია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გაჩერებას აპირებს, თუ მასზე დრონებით თავდასხმები გაგრძელდება

დრონების თავდასხმის გამო, ლიბიის ეროვნული ნავთობის კორპორაცია (NOC) ქვეყნის უდიდესი მოქმედი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „ზავიას“ ქარხნის სრულიად გაჩერებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
NOC-ის განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „ზავიას“, ტერიტორიაზე უკვე მესამე დრონი ჩამოვარდა. მსხვერპლისა და მატერიალური ზიანის შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა კორპორაცია ხელისუფლებას დაუყოვნებლივი ჩარევისა და გამოძიებისკენ მოუწოდებს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
Reuters-ი წერს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „ზავიას“, გაჩერება, რომლის წარმოების სიმძლავრე დღეში 120 000 ბარელს შეადგენს, ქვეყნის ენერგოსექტორისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
ცნობისთვის, შაბათს, გამთენიისას, დრონი „ზავიას“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაუმუშავებელი ნავთის რეზერვუარს შეეჯახა, რის შედეგადაც გაჟონვა მოხდა, რომლის კონტროლიც თანამშრომლებმა შეძლეს. ორშაბათს კი დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა.