მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 13:22
სწრაფი სიახლე
სპორტი

აზრთა სხვადასხვაობა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის – ტუხელის სიტყვებმა ბელინგემი გააბრაზა

SportMedia July 12, 2026 7:50 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნორვეგია დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თუმცა მატჩის შემდეგ მთავარი განხილვის თემა არა მხოლოდ ჯუდ ბელინგემის დუბლი, არამედ მისი და მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის, განსხვავებული შეფასებები გახდა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ტუხელმა, მიუხედავად გამარჯვებისა, საკუთარი გუნდის თამაშით აშკარა უკმაყოფილება გამოხატა. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ინგლისმა საკუთარ თავს ზედმეტად გაურთულა ცხოვრება, ბევრი შეცდომა დაუშვა და, მისი აზრით, წარმატებაში იღბალმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. გერმანელის თქმით, ასეთი თამაშით მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ძალიან რთული იქნება და გუნდს ნახევარფინალამდე საგრძნობლად გაუმჯობესება სჭირდება.

 

მალევე ჟურნალისტებმა ტუხელის კომენტარები მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს, ჯუდ ბელინგემს, გადასცეს. მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ჯერ მოკლედ უპასუხა: “კარგი… რაც არის, არის” შემდეგ კი მწვრთნელის შეფასებას ნაწილობრივ არ დაეთანხმა.

 

ბელინგემმა აღნიშნა, რომ ასეთ მძიმე კლიმატურ პირობებში, ისეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც ნორვეგიაა, გამარჯვების მოპოვება მარტივი არ ყოფილა. მისივე თქმით, ყველა ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა და სწორედ ეს არის მთავარი, რის გამოც თანაგუნდელები მხოლოდ შექებას იმსახურებენ. ფეხბურთელმა ასევე მიანიშნა, რომ შესაძლოა, გარედან არ ჩანდეს, რამდენად რთულია ასეთ პირობებში თამაში.

 

მომხდარის შემდეგ გაჩნდა ვარაუდები, რომ ტუხელსა და ბელინგემს შორის კონფლიქტი იწყებოდა, თუმცა ინგლისის მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. ტუხელმა განაცხადა, რომ ჯუდი არ ცდებოდა, როდესაც გუნდის თავდადებაზე საუბრობდა, თუმცა, მისი აზრით, მხოლოდ ბრძოლისუნარიანობა საკმარისი არ არის და ინგლისმა თამაშის ხარისხიც აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ კრიტიკა შედეგს კი არა, მხოლოდ შესრულებულ ფეხბურთს ეხებოდა.

 

შეგახსენებთ, ინგლისი 15 ივლისს, ნახევარფინალში არგენტინას შეხვდება. 

წყარო: Sportall.ge