ძლევამოსილმა საფრანგეთმა მაროკოც დაჯაბნა და შეუჩერებლად მიიწევს წინ

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა მაროკო 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გავიდა ნახევარფინალში.
ფრანგები უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში გატანის რეალური შანსები გაუშვეს ხელიდან – სწრაფი კონტრიერიშისას მბაპე საჯარიმოში მაზრაუიმ წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ ბონომ ბურთი არათუ მოიგერია, არამედ დაეუფლა. შემდეგ მეკარემ დუეს არ გაატანინა, დინმა კი ბურთი ხარიხას გაარტყა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, დეშამის გუნდი კვლავ სჯაბნიდა მეტოქეს და მბაპემ ლამაზი გოლით საფრანგეთი დააწინაურა. მერე მოწინააღმდეგის კარი დემბელემაც დალაშქრა და მატჩის ბედი გადაწყდა.
ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ფოქსბორო. „ჯილეტ სთედიუმი“
საფრანგეთი – მაროკო 2:0
გოლები: 1:0 მბაპე (60), 2:0 დემბელე (66)
გამოუყენებელი პენალტი: მბაპე (28, საფრანგეთი)
– მბაპემ მიმდინარე ტურნირზე მე-8 გოლი გაიტანა და მესისთან ერთად ბომბარდირია.
– მბაპემ მუნდიალებზე მე-20 გოლი გაიტანა და 1 გოლით მხოლოდ მესის ჩამორჩება.
– მბაპე მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც 20 მატჩი ჩაატარა – 27 წლის და 201 დღის.
– 18 წლის და 280 დღის მაროკოელი ბუადი პელეს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მეოთხედფინალში ითამაშა.
– მაროკოელებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა მათი საუკეთესო ბომბარდირი საიბარი.
– მსოფლიო ჩემპიონატებზე ბონომ 9 პენალტიდან (მატჩის შემდგომი თერთმეტმეტრინების გარეშე) მხოლოდ 2 გაუშვა – 4 მოიგერია, 3 მეტოქეებმა კარს ააცილეს, ხოლო 2 გაუშვა.
წყარო: Sportall.ge