ავტორი: allmedia.ge
ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 18:53
1415

პოპულარული ფრანგული ვებრესურსი „რაგბირამა“ ტოპ 14-ის სეზონს ტრადიციული გამოკითხვებით აჯამებს. რუბრიკას ეწოდება „ჩვენი ტოპ 5“. გამოკითხვა ერთბაშად რამდენიმეა, თითოეული სარაგბო ამპლუის 8 შემოთავაზებული კანდიდატიდან თითოეული IP-მისამართიდან საიტის მომხმარებლებს ერთი მორაგბის არჩევა შეუძლიათ. ეს რაც შეეხებოდა საყოველთა გამოკითხვას, თორემ „რაგბირამას“ სიმბოლური ნაკრები უკვე კარგა ხნის წინ გამოქვეყნდა და მასში ორი ქართველია: №1 - კარლენ ასიეშვილი („ბრივი“),№3 - დავით ზირაქაშვილი („კლერმონი“).

დავუბრუნდეთ მიმდინარე ამბებს. ე.წ. პოლები უკვე გამოქვეყნდა ფორვარდების ყველა ამპლუისთვის. ორ გამოკითხვაში „რაგბირამამ“ პრეტენდენტებს შორის ქართველებიც დაასახელა. ფრანგული ტოპ 14-ის საუკეთესო მარცხენა ბურჯების ოქტეტში ორი ქართველიცაა: ბუნებრივია, „რაგბირამას“ ფავორიტი ასიეშვილი და კიდევ ერთი ბორჯღალოსანი, „მონპელიეს“ ვარსკვლავი მიხეილ ნარიაშვილი.

ხმის მიცემა კვირას შეწყდება, დღესდღეობით კი ასეთი მდგომარეობაა:

1. რაფაელ შომი (საფრანგეთი, „კლერმონი“) 30%

2. სირილ ბაი (საფრანგეთი, „ტულუზი“) 21%

3. კარლენ ასიეშვილი (საქართველო, „ბრივი“) 15%

4. მაიკ კორბელი (საფრანგეთი, „ლა როშელი“) 13%

5. მიხეილ ნარიაშვილი (საქართველო, „მონპელიე“) 8%

6. ჯეიმი მაკინტოში (ახალი ზელანდია, „პო“) 5%

7-8. ანტუან ტიში (საფრანგეთი, „კასტრი“) 4%

7-8. სებასტიან ტაოფიფენუა (საფრანგეთი, „ბორდო“) 4%

აი, როგორი დახასიათება დაურთო „რაგბირამამ“ კარლენ ასიეშვილის კანდიდატურას:

კარლენ ასიეშვილი

პროფილი: ქართველი, 30 წლის, 183 სმ, 116 კგ, 26 კეპი.

გასულ სეზონში: 20 მატჩი, 12 სასტარტოში, 899 წუთი, 2 ლელო.

„ბრივში“ 2013 წელს მისულმა, კარლენ ასიეშვილმა წლეულსაც დაადასტურა თავისი დონე. საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯს დიდი დატვირთვა ჰქონდა გასულ სეზონში. შესანიშნავი ფიზიკური ფორმის წყალობით, „ბრივის“ მრისხანე შეტევის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო. როგორც ქართველი ბურჯების დიად ტრადიციას შეეფერება, შერკინებაში იყო მყარი და სტაბილური, თუმცა დაცვაშიც ძალიან აქტიურად ირჯებოდა და ღია თამაშშიც შემსაჩნევი გახლდათ. სწორედ ამ თვისებების გამო, კარლენ ასიეშვილი მარცხენა ბურჯებს შორის „რაგბირამას“ რჩეულია“.

კიდევ ორი ქართველი მორაგბე 8 საუკეთესო მარჯვენა ბურჯს შორისაა: ხსენებული დავით ზირაქაშვილი და „ტულონის“ №3 ლევან ჩილაჩავა. აქ სიტუაცია აბსოლუტურად უნიკალურია: დავით ზირაქაშვილი მიმდინარე გამოკითხვას ხმათა 48%-ით (!) ლიდერობს.

დავით ზირაქაშვილი

პროფილი: ქართველი, 33 წლის, 178 სმ, 114 კგ, 53 კეპი.

გასულ სეზონში: 19 მატჩი, 14 სასტარტოში, 1072 წუთი, 2 ლელო.

„ჩვენს რეიტინგში საუკეთესო მარჯვენა ბურჯად დასახელება პირველი შემთხვევაა დავით ზირაქაშვილისთვის. ქართველი ბურჯი კარგა ხანია მიეჩვია ეპითეტს „ასევე გამორჩეული“, მაგრამ წლეულს მან ჩვენს კლასიფიკაციაში უზარმაზარი ნახტომი გააკეთა. ტოპ 14-ის საუკეთესო მარჯვენა ბურჯის სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანი მისი კლუბის გაჩემპიონება იყო, ისტორიაში მეორედ. თუმცა, ზირაქაშვილს ეს უკვე ჰქონდა განცდილი „კლერმონთან“ ერთად. კლუბში 2004 წელს მისული ქართველი დღეს მის სიმბოლოდაა ქცეული და ეს მოსაზრება გასულ სეზონში მისმა სიმძლავრემ და საიმედოობამ დამატებით დაადასტურა. იმიტომ რომ, თუ „ვულკანების“ თამაშს ჰაეროვნება ახასიათებს, ირგვლივ უკვე ყველას ესმის, რომ ეს იმ უზარმაზარ სამუშაოს ეფუძნება, რომელსაც დავით ზირაქაშვილი ასრულებს“.

აქვე მარჯვენა ბურჯების მიმდინარე რეიტინგიც:

1. დავით ზირაქაშვილი (საქართველო, „კლერმონი“) 48%

2-3. მარსელ ვან დერ მერვე (სამხრეთ აფრიკა, „ტულონი“) 12%

2-3. უინი ატონიო (ახალი ზელანდია, „ლა როშელი“) 12%

4. მალიქ ჰამადაში (ალჟირი, „პო“) 11%

5. დორიან ალდეგერი (საფრანგეთი, „ტულუზი“) 6%

6-7. ვადიმ კობილაში (მოლდოვა, „ბორდო“) 4%

6-7. ბენ ტამეიფუნა (ტონგა, „რასინგი“) 4%

8. ლევან ჩილაჩავა (საქართველო, „ტულონი“) 3%

ხმის მიცემის მსურველთათვის ბმულების მისამართებსაც გთავაზობთ:

მარცხენა ბურჯები

http://www.rugbyrama.fr/rugby/top-14/2016-2017/top-14-asieshvili-chaume-corbel.-notre-top-5-des-meilleurs-piliers-gauches-de-la-saison_sto6222712/story.shtml

მარჯვენა ბურჯები

http://www.rugbyrama.fr/rugby/top-14/2016-2017/top-14-zirakashvili-van-der-merwe-hamadache-le-top-5-des-meilleurs-piliers-droits-de-la-saison_sto6224267/story.shtml






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account