რუსთავში, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ

რუსთავის მერია, მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში, თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის კურსს გადიან. ასევე გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა გადამზადების პროცესიც.
მუნიციპალური რეფორმების და სერვისების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული გადამზადების კურსი, რუსთავის მერიის 1500-მდე თანამშრომელს აქვს გავლილი.
„იმ პროექტების პარალელურად, რომლებსაც ჩვენი ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის ვახორციელებთ, რუსთავის მერიის გუნდი მუნიციპალური სერვისების რეფორმას ვაგრძელებთ, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ თანამშრომლების გადამზადებაა. ჩვენი უმთავრესი მიზანი, მოსახლეობისთვის თანამედროვე და განვითარებული მუნიციპალური სერვისების მიწოდებაა. ამ პროცესის ეფექტურად წარსამართად ,კი აუცილებელია ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც რუსთავის მერიის პროფესიონალ გუნდს აქვს, თანამედროვე მოთხოვნებს მოვარგოთ. შედეგად კი მოსახლეობას კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტური სერვისები მივაწოდოთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
თანამშრომელთა გადამზადება სპეციალურად შემუშავებული მოდულების მიხედვით ხდება და ეფექტურ კომუნიკაციას, სამართლებრივ და საფინანსო სფეროს, ციფრულ პროგრამებსა და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას მოიცავს.
პარალელურად, რუსთავის მერია, მუნიციპალური ტრენინგ-ცენტრის შექმნის კონცეფციაზეც მუშაობს. მერიის 40 თანამშრომელს, ტრენერთა ტრენინგები აქვს გავლილი და საკუთარი ტრენინგ-მოდული, მუნიციპალური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში აქვს შემუშავებული.
პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანი, მუნიციპალური სერვისების განვითარება მოსახლეობისთვის კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტური სერვისების მიწოდებაა.