მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 19:04
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

ჩინეთში რობოტები ადამიანების ჩანაცვლებას იწყებენ: რომელ პროფესიებს ემუქრება გაქრობა?

Ambebi.ge 20 აგვისტო, 2026 · 15:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ჩინეთში ჰუმანოიდ რობოტებს რეალურ სამუშაო გარემოში ტესტავენ. მანქანები უკვე ასრულებენ დამლაგებლების, სასტუმროს პერსონალისა და ბიბლიოთეკარების მოვალეობებს – ალაგებენ ოთახებს, კეცავენ ტანსაცმელს, მუშაობენ სასტუმროებსა და ბიბლიოთეკებში. ამის შესახებ ავტორიტეტული ტექნოლოგიური გამოცემა Interesting Engineering-ი წერს.

ტესტირება ჰუმანოიდი რობოტების მსოფლიო თამაშების (WHRG) ფარგლებში მიმდინარეობს. ტრადიციული შეჯიბრებებისგან განსხვავებით, აქ რობოტების სიჩქარეს ან სპორტულ მონაცემებს კი არ ამოწმებენ, არამედ იმას, თუ რამდენად ეფექტიანად შეუძლიათ იმ სამუშაოს შესრულება, რასაც დღეს ადამიანები აკეთებენ.


  • დამლაგებლები და დიასახლისები

ერთ-ერთი გამოცდისას რობოტებს უნდა დაელაგებინათ მისაღები ოთახი, დაეკეცათ ტანსაცმელი საძინებელში, გაერეცხათ და გაეფინათ თეთრეული აივანზე.

ამასთანავე, ისინი მოულოდნელ დავალებებსაც იღებდნენ, ხმოვანი ბრძანების შემდეგ ამანათი სხვა ოთახში უნდა გადაეტანათ, შემდეგ კი ისევ ძირითად საქმეს დაჰბრუნებოდნენ. შეცდომებზე – ნივთების დაცემაზე, შეჯახებასა თუ ადამიანის ჩარევაზე – რობოტებს ქულები აკლდებოდათ.


  • სასტუმროს პერსონალი

ტესტირების ნაწილი უშუალოდ პეკინის სასტუმრო Beijing Continental Grand Hotel-ში ჩატარდა.

30 წუთის განმავლობაში რობოტებს სტუმრების ბარგის ოთახებში ატანა, პირსახოცების, ოთახის ჩუსტებისა და წყლის მარაგის შევსება, ასევე თეთრეულის გამოცვლა და საწოლის გასწორება ევალებოდათ.

ვიწრო დერეფნები, დატვირთული ურიკები და რბილი საგნები მანქანებისთვის საკმაოდ რთულ გამოცდად იქცა, სადაც მათი ავტონომიურობა და სიზუსტე შეფასდა.


  • ბიბლიოთეკარები და ნატიფი მოტორიკა

მოქმედ ბიბლიოთეკაში რობოტებს ნახევარ საათში დაბრუნებული წიგნები უნდა შეეგროვებინათ, თაროებზე სწორად განეთავსებინათ და სხვების მიერ დაშვებული შეცდომებიც გასწორებულიყო.

გარდა ამისა, პროგრამაში შედიოდა წვრილი მოტორიკის ტესტებიც – მაგალითად, მარცვლეულის აკრეფა და ჭანჭიკების მოჭერა. დეველოპერები მიიჩნევენ, რომ ამ ოპერაციების წარმატებით შესრულება ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოყენებისთვის მზადყოფნას ადასტურებს.


  • მთავარი გამოწვევა – მუშაობა ადამიანის გარეშე

ინჟინრების მთავარი მიზანი სრული ავტონომიურობაა. ბევრი რობოტი ჯერ კიდევ საჭიროებს დისტანციურ მართვას ან ოპერატორის დახმარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ადამიანს სრულად ჯერ ვერ ჩაანაცვლებენ.

სწორედ ამიტომ გადაიტანეს ტესტები ლაბორატორიებიდან სასტუმროებსა და ბიბლიოთეკებში. ჰუმანოიდი რობოტების მსოფლიო თამაშები პეკინში 22-26 აგვისტოს არის დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას 16 ქვეყნის 666 გუნდი და 2056 რობოტი მიიღებს.

მანამდე კომპანია Unitree Robotics-მა წარადგინა გიგანტური რობოტი GD01, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 574 ათასი დოლარია. მოწყობილობა პილოტთან ერთად დაახლოებით 500 კგ-ს იწონის, გადაადგილდება ორ ან ოთხ კიდურზე და აგურის კედლის გაჭრაც კი შეუძლია.