მთავარი კონტენტი
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 | 23:03
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ამერიკული გამოცემა The Atlantic: სულ რაღაც რამდენიმე დღეში გაქრა ის ოპტიმიზმი, რომელიც უკრაინის პერსპექტივების გარშემო თვეების განმავლობაში იქმნებოდა

Prime Time 7 აგვისტო, 2026 · 21:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ამ ზაფხულის დასაწყისში უკრაინამ, როგორც იქნა, ხელში ჩაიგდო ინიციატივა ამ სასტიკ, ოთხწლიან ომში – პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საკმარისად ჰქონდა გამარჯვებები და ტექნოლოგიური მიღწევები დასავლელი მხარდამჭერებისთვის წარსადგენად, როდესაც ამტკიცებდა, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, – წერს ამერიკული გამოცემა The Atlantic სტატიაში სათაურით „უკრაინის ხანმოკლე აღმავლობა“.

„მისი დაპირისპირება დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში გასულ წელს ჩრდილში მოექცა უფრო ახალი შეხვედრების ფონზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი თითქოს მზადყოფნას გამოთქვამდა, უკრაინას გამარჯვებაში დახმარებოდა. გასულ თვეს თურქეთში ზელენსკისთან დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეკმაყოფილებინა კიევის კრიტიკული საჭიროება საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით და ლიდერებს შორის არსებული პერსპექტიული განწყობის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა: „იმ ოთახში დიდი სიყვარული და დიდი ერთიანობა სუფევდა“, – ნათქვამია სტატიაში.

ვაშინგტონში ზელენსკის ასევე ჰყავდა ელჩი, რომელსაც გავლენიანი კავშირები ჰქონდა. ოლგა სტეფანიშინა, ყოფილი ვიცე-პრემიერი, ოფიციალურ პირებსა და კანონმდებლებს უწყვეტად აწვდიდა ინფორმაციას უკრაინის საბრძოლო წარმატებების შესახებ.

წლის დასაწყისიდან მოპოვებული ეს დინამიკა სულ რაღაც რამდენიმე დღეში ჩაქრა. გასულ კვირას ზელენსკისთან შეხვედრაზე, ტრამპმა უარი თქვა დამატებითი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე, რომლებიც კიევს რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად ჰაერივით სჭირდება. მან უკან წაიღო დაპირებაც, რომლის მიხედვითაც უკრაინულ კომპანიებს ამ სისტემების ადგილზე წარმოების უფლება უნდა მიეღოთ.

მომიტინგეები უკვე კვირებია კიევში იკრიბებიან და ზელენსკისგან თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. პროცესებში მისი ხელახლა ჩართვა შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს ზელენსკის იმ გეგმისთვის, რომლითაც უკრაინამ ზამთარი უნდა გადააგოროს.

როგორც გასულ კვირას გამოცემა The Atlantic პირველად იუწყებოდა, ზელენსკიმ შეხვედრისას ტრამპს სთხოვა, ილონ მასკთან თავისი გავლენა გამოეყენებინა – მასკის კომპანია SpaceX ფლობს Starlink-ის თანამგზავრულ სისტემას. ზელენსკის ამ სისტემის გამოყენება იმ სარაკეტო ბატარეების დასამიზნებლად სურს, რომლებითაც რუსეთი კიევსა და სხვა ქალაქებს უმოწყალოდ ბომბავს. ტრამპმა არც ამ წინადადებასთან დაკავშირებით აიღო რაიმე ვალდებულება.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ფედოროვი არაოფიციალური არხებით ცდილობს მასკის დაყოლიებას, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერჯერობით პოზიციას არ თმობს.

მასკი ფედოროვთან დავას კვლავ განაგრძობს იმ საფრთხეებზე, რომელიც ომის შემდგომ ესკალაციას მოჰყვება. „მასკი გამუდმებით იმას იმეორებს, რომ გარიგებაზე წასვლის დროა“, – აღნიშნა ფედოროვის გარემოცვის წევრმა.

„სულ რაღაც რამდენიმე დღეში გაქრა ის ოპტიმიზმი, რომელიც უკრაინის პერსპექტივების გარშემო თვეების განმავლობაში იქმნებოდა. არადა, ამ ზაფხულის დასაწყისში, ზელენსკის წინ დიდი გეგმები ჰქონდა: ამერიკული რაკეტების ახალი პარტია კიევის დასაცავად, ამავე რაკეტების ადგილზე წარმოების უფლება და, ფედოროვისა და მასკის მოლაპარაკებების წყალობით, რუსეთის სიღრმეში დარტყმების მიყენების პოტენციური შესაძლებლობა. უკრაინული ინოვაციებისა და ფრონტზე მოპოვებული უპირატესობის გამო, მას ტრამპის მხრიდან დიდი პატივისცემა ერგო, ხოლო ავტორიტეტული ახალგაზრდა ელჩის დამსახურებით, ვაშინგტონთან ურთიერთობებიც საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, ტრამპმა ინტერესი დაკარგა და Patriot-ის რაკეტებთან დაკავშირებულ ადრინდელ დაპირებებს აჭიანურებს. მასკთან მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ სრულდება. ზელენსკის მიერ პოპულარული თავდაცვის მინისტრის გათავისუფლებას ქვეყნის შიგნით პროტესტი მოჰყვა. უკრაინას კი აღარ ჰყავს ელჩი, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელებას ლობირებას გაუწევდა, რადგან კორუფციის ბრალდებებზე პასუხის გასაცემად სამშობლოში დაბრუნდა. ვითარების ასეთ მკვეთრ ცვლილებას თითქოს ხაზს უსვამს ისიც, რომ რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიშები გააძლიერა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის დასუსტებული რესურსით ისარგებლა“, – აღნიშნულია სტატიაში.