აშშ-ის სპეცსამსახურების შეფი მოსკოვში საიდუმლოდ ჩაფრინდა – რას უკავშირდება CIA-ს ხელმძღვანელის ვიზიტი?: მედია იდუმალი ვიზიტის შესახებ წერს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი ჯონ რეტკლიფი მოულოდნელი და საიდუმლო ვიზიტით მოსკოვში ჩაფრინდა. ორ ქვეყანას შორის არსებული უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, უმაღლესი დონის ამგვარი პირისპირ შეხვედრები ძალიან იშვიათია.
-
საიდუმლო რეისი რიგიდან და დიპლომატიური კორტეჟი მოსკოვის ქუჩებში
როგორც BBC-ის ამერიკელი პარტნიორი CBS იტყობინება, რეტკლიფი რუსეთის დედაქალაქში სამხედრო თვითმფრინავით სამშაბათს ჩავიდა. ვიზიტის მიზანი, დეტალები ან დაგეგმილი შეხვედრები ამ დრომდე არც ვაშინგტონს და არც მოსკოვს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

ფრენების თვალთვალის საჯარო მონაცემები ადასტურებს, რომ აშშ-ის დიდი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-17 რუსეთში ლატვიის გავლით ჩაფრინდა. ლაინერი რიგის აეროპორტიდან გრინვიჩის დროით 05:50 საათზე აფრინდა და მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 07:04 საათზე დაეშვა. სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სამხედრო ლაინერის დაშვება ვნუკოვოში და მოსკოვის ქუჩებში მოძრავი საეჭვო დიპლომატიური კორტეჟი.
-
რეტკლიფის მისია და “სტაგნაცია“ სამშვიდობო მოლაპარაკებებში
ეს არის ჯონ რეტკლიფის პირველი ვიზიტი რუსეთში CIA-ს დირექტორის ამპლუაში, თუმცა მას თავის რუს კოლეგებთან კონტაქტი მანამდეც ჰქონდა. რეტკლიფი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი მოხელეა, რომელიც მოსკოვს ესტუმრა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ტრამპი ვლადიმერ პუტინს ალასკის სამიტზე შეხვდა, თუმცა ამ შეხვედრას გარღვევა არ მოჰყოლია, ხოლო აშშ-ის შუამავლობით დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის ამჟამად ჩიხშია შესული. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაზიანდა, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც კრემლის საერთაშორისო იზოლაცია და მკაცრი ეკონომიკური სანქციები მოჰყვა.
თავად რეტკლიფს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის რუსეთთან მოლაპარაკებებში. კერძოდ, ის აქტიურად მონაწილეობდა რუსეთ-ამერიკის მოქალაქის, ქსენია კარელინას გათავისუფლების პროცესში, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარდაჭერის ბრალდებით ერთ წელზე მეტხანს იყო დაპატიმრებული.
გარდა ამისა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ჩართული იყო 2024 წლის გახმაურებულ პატიმართა გაცვლის სქემაში, რომლის დროსაც რუსეთმა Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი და რუსულ-ამერიკელი ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა გაათავისუფლა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა Boeing C-17 Globemaster III-მ მოსკოვი დატოვა. ბორტი რუსეთის დასავლეთ საზღვრის მიმართულებით გაფრინდა და დაახლოებით იმავე მარშრუტს მიჰყვება, რომლითაც სამშაბათს დილით რიგიდან მოსკოვში ჩავიდა.