მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026 | 21:16
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

გაერო: უკრაინაში, ომის შედეგად, ივლისში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, ხოლო ბავშვებს შორის – 2022 წლის აპრილის შემდეგ

Prime Time 13 აგვისტო, 2026 · 19:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

უკრაინაში, ომის შედეგად, ივლისში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, ხოლო ბავშვებს შორის – 2022 წლის აპრილის შემდეგ. აღნიშნული მონაცემები უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ ხუთშაბათს გამოაქვეყნა.

მონაცემების თანახმად, 2026 წლის ივლისში რუსეთის აგრესიას უკრაინაში 437 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 2 610 დაშავდა. ეს მაჩვენებელი 30%-ით აღემატება 2026 წლის ივნისის მონაცემებს (298 დაღუპული, 2 041 დაჭრილი) და 70%-ით მეტია 2025 წლის ივლისთან შედარებით (312 დაღუპული, 1 482 დაჭრილი).

გაეროს ანგარიშის მიხედვით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ძირითად მიზეზად კვლავ რჩება შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება – რაკეტები და დრონები.

ივლისში, მსგავსი შეტევების შედეგად, უკრაინაში 183 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 967 დაიჭრა, რაც ივლისის თვეში მშვიდობიანი მოსახლეობის საერთო დანაკარგის 38%-ს შეადგენს. ამ ტიპის თავდასხმებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ურბანულ ცენტრებში – ფრონტის ხაზიდან შორს დადასტურდა.

საჰაერო დარტყმების შედეგად მსხვერპლის რაოდენობამ, (105 დაღუპული, 753 დაჭრილი) 2026 წლის ივნისთან შედარებით, (45 დაღუპული, 308 დაჭრილი) 143%-ით იმატა, სადაც მართვადი ავიაბომბები სიკვდილიანობის მეორე ძირითადი მიზეზი გახდა.

ამასთანავე, ფრონტის ხაზთან, რუსეთის მიერ მცირე რადიუსის დრონების გამოყენების შედეგად, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმა 2026 წლის ივლისში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მაქსიმუმს მიაღწია. ამ ტიპის თავდასხმებს 111 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 710 დაშავდა, რაც სამოქალაქო პირთა საერთო დანაკარგის 27%-ს შეადგენს.