გერმანიამ აშშ-სგან გამანადგურებლების შესყიდვა უნდა გააგრძელოს – გერმანიის საჰაერო ძალების მეთაური

გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხის შესაკავებლად გერმანიამ აშშ-ისგან გამოცდილი შეიარაღების, მათ შორის საბრძოლო გამანადგურებლების შესყიდვა უნდა გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა საკუთარი თავდაცვითი ინდუსტრიის გრძელვადიან განვითარებას ცდილობს.
გენერალ-ლეიტენანტმა ჰოლგერ ნოიმანმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპაში თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას დრო სჭირდება, NATO-ს წინაშე არსებული გამოწვევები კი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
ნოიმანის განცხადებით, ევროპის თავდაცვით ინდუსტრიას მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს, თუმცა უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში აშშ-ის ტემპს ვერ ეწევა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავარი მიზანია არსებული შესაძლებლობების სწრაფად შევსება ისე, რომ ევროპულ თავდაცვით პროექტებზე უარი არ ითქვას.
„საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას დრო სჭირდება. ახლა კი დრო არ გვაქვს“, – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა.