მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 16:58
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

გივი მიქანაძე საზღვარგარეთ დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართულ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

Prime Time 17 ივლისი, 2026 · 15:36 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქართველ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ ფარგლებში საზღვარგარეთ დისტანციურად შეისწავლიან ქართულ ენას.

მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ პედაგოგებს.

„საამაყოა, რომ ქართველი ახალგაზრდები, საზღვარგარეთ ცხოვრების მიუხედავად, არ კარგავენ ინტერესს ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის მიმართ. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა პროგრამაში ჩართულ პედაგოგებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და თავდადებით ეხმარებიან ახალგაზრდა თაობას ქართულ ენასთან, ეროვნულ იდენტობასა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაში. მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ახალგაზრდები იცნობდნენ ჩვენი ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც დაეხმარება მათ ეროვნული იდენტობის გაძლიერებაში. მჯერა, ეს ახალგაზრდები საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე სიტყვით ასევე გამოვიდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ონლაინ ფორმატში სწავლობენ მშობლიურ ენას, ეცნობიან საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

სასწავლო პროცესს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შერჩეული და გადამზადებული კვალიფიციური პედაგოგები წარმართავენ.

პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება საგნობრივი პორტალის „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ მეშვეობით, სადაც შესაძლებელია რეგისტრაცია, სასწავლო ჯგუფისა და პედაგოგის შერჩევა. პორტალზე ასევე ხელმისაწვდომია სასწავლო რესურსები.

პორტალი „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ 2025 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს და ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, კანადა და სხვა) მცხოვრებ 3 500-მდე მოსწავლეს აერთიანებს.