ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადაურიცხავს – ტრანშის 95 პროცენტი „უკრაინის სესხების თანამშრომლობის მექანიზმს“ მოხმარდება, რაც კიევს ევროკავშირისა და G7-ის სესხების დაფარვაში დაეხმარება

ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან, შემოსავლის სახით, 1.4 მილიარდი ევრო მიიღო და აღნიშნულ სახსრებს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა.
ევროკომისიის ცნობით, ორშაბათს მიღებული თანხა „ამ ტიპის უკვე მეხუთე ტრანსფერია“. მას შემდეგ, რაც ეს აქტივები გაიყინა, მათმა ზეგეგმურმა მოგებამ სულ 8 მილიარდი ევრო შეადგინა.
ბრიუსელის ცნობით, ბოლო ტრანშის 95 პროცენტი „უკრაინის სესხების თანამშრომლობის მექანიზმს“ მოხმარდება, რაც კიევს ევროკავშირისა და G7-ის სესხების დაფარვაში დაეხმარება, ხოლო დარჩენილი 5 პროცენტი, „ევროპის მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით, უკრაინის „გადაუდებელ სამხედრო და თავდაცვით საჭიროებებს“ გადაერიცხება.
2022 წელს მოსკოვის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის 210 მილიარდ ევროზე მეტი რეზერვი გაყინა.
2024 წლიდან საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც ამ აქტივებს ინახავენ, დაევალათ ცალკე გამოყონ მათგან მიღებული მოგება, რაც ბრიუსელს საშუალებას აძლევს ეს შემოსავალი უკრაინას გადაუგზავნოს, ხოლო თვითონ რეზერვები ხელუხლებელი დატოვოს.