თენგიზ შარმანაშვილი „პოლიტიკური ტერორიზმის შესახებ“ მინისტერიალზე: მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა

მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გამოწვევას, რომელიც პოლიტიკურ ტერორიზმს უკავშირდება, მთელი მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს.
„პოლიტიკური ტერორიზმი ახალი არ არის. დიდი ხანია დაწყებულია. ლიბერალურმა რადიკალურმა მიმდინარეობებმა უკვე ასეთი ფორმით დაიწყეს თავისი დღის წესრიგის დამკვიდრება წლების წინ. ისინი შეიჭრნენ უნივერსიტეტებში, სადაც შეეძლოთ. ულტრამემარცხენე იდეოლოგიის პროფესურით გაივსო ეს სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ამას ყოველ დღე უნერგავდნენ თავის სტუდენტებს, რომ რადიკალური იდეების დამკვიდრება შესაძლებელია ძალიან რადიკალური ფორმებით. ეს ხდებოდა ყველას თვალწინ.
აშშ-მა თავის თავზე იწვნია ყველაფერი. თუნდაც გავიხსენოთ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია. მას პირდაპირ ტყვია ესროლეს ლიბერალური ძალების წარმომადგენლებმა. მილიმეტრები დააკლდათ, რომ ის მოეკლათ. მათ თავის ტყავზე გამოცადეს. ვიდრე ახალი ადმინისტრაცია მოვიდოდა თეთრ სახლში, ჩვენს წინააღმდეგ ეს ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო და ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობდით. ვსაუბრობდით, რომ ეს მათ სახლებშიც მიაკითხავდა მაგრამ მაშინ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ იმიტომ, რომ ძველი ადმინისტრაცია თვითონ იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ამ მიმდინარეობებისა, რაც ჩვენ თავზეც ვიწვნიეთ.
კარგია, რომ აშშ-მ არ მიატოვა ამის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა ის არც მომავალში მოადუნებს ყურადღებას, რათა ეს საერთაშორისო დიდი სენი ამ რადიკალიზმისა, ძალადობისკენ ბიძგებისა ადამიანებისა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ. ამას რაღაც ძალა წინ უნდა აღუდგეს. მოხარული ვარ, რომ ამაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოც. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა ამ ფორუმზე და მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა, ეს იყო USAID, NED. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა და ისევ გრძელდება. რა თქმა უნდა ამას წინ აღუდგეს მთელი მსოფლიო და ამის ავანგარდში თუ შეერთებული შტატები იქნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ უფრო სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.