ირანი აცხადებს, რომ მის ორ სამხედრო ბაზას დაარტყეს – აშშ აცხადებს, რომ ამჟამად თავდასხმებს არ ახორციელებს

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ორ ქალაქში მდებარე სამხედრო ობიექტებზე რამდენიმე დარტყმა განხორციელდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები ამჟამად დარტყმებს არ ახორციელებენ, ასევე, ისრაელის ოფიციალური პირების თქმით „ირანში განხორციელებულ დარტყმებში ისრაელის რაიმე სახით მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ“.
ბუშერის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ეჰსან ჯაჰანიანმა, განაცხადა, რომ ბუშერის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტზე აშშ-ისრაელის ჭურვებით დარტყმა განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ირანის ატომური ელექტროსადგური ბუშერის გარეუბანში მდებარეობს.
ამასთან, სახელმწიფო მაუწყებელმა IRIB-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ქალაქ კონარაკში მდებარე საზღვაო სამხედრო ზონას „მტრის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ორ ეტაპად შეუტიეს“. კონარაკის ოლქის გუბერნატორის, მოჰამედ იუნეს ჰაკანის განცხადებით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები და უსაფრთხოების ძალები იმყოფებოდნენ.
კონარაკი სტრატეგიული საპორტო ქალაქია მაკრანის სანაპიროზე, ირანის სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციაში. ქალაქი ბუშერი კი სამხრეთ სანაპირო პროვინცია ბუშერში მდებარეობს.