მეცნიერებმა მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც ნარინჯისფერი ტუჩები და სხვა პრიმატებისგან განსხვავებული ხმა აქვს (ფოტოები)

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტყეებში მობინადრე მაიმუნი, რომელიც სხვა პრიმატებისგან ღია ნარინჯისფერი ტუჩებით და შავი სახით გამოირჩევა, მეცნიერებმა ოფიციალურად აღიარეს ახალ სახეობად.

- ბუნების დამცველებმა ეს უცნაური გარეგნობის ცხოველი პირველად ჯერ კიდევ 2008 წელს შეამჩნიეს, თუმცა მაშინ მხოლოდ ერთი ბუნდოვანი ფოტოს გადაღება მოახერხეს. 10 წლის შემდეგ ცხოველი კვლავ გამოჩნდა, რის შემდეგაც საერთაშორისო გუნდმა მაიმუნის მოსაძებნად და შესასწავლად ექსპედიცია მოაწყო. კვლევამ აჩვენა, რომ ის აქამდე მეცნიერებისთვის სრულიად უცნობ სახეობას წარმოადგენდა.
ცნობისთვის, ბოლო 75 წლის განმავლობაში აფრიკაში მაიმუნის ხუთი ახალი სახეობა იქნა აღმოჩენილი.
ძიების პროცესში, რომელიც აუდიოჩანაწერების გაკეთებას, ფოტოგადაღებასა და დეტალურ გენეტიკურ კვლევებს მოიცავდა, წამყვანი როლი ფლორიდის ატლანტიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ჯუნიორ ამბოკომ შეასრულა. კვლევის შედეგები მან სამეცნიერო ჟურნალ “PLoS One“ -ში გამოაქვეყნა.

სახეობის “აღმოჩენა“მის ოფიციალურ რეგისტრაციას და იმის დადასტურებას ნიშნავს, რომ ევოლუციის შედეგად მან გენეტიკური თვითმყოფადობა შეიძინა.
- აღსანიშნავია რომ ადგილობრივებმა ამ მაიმუნის არსებობის შესახებ ადრეც იცოდნენ. მკვლევართა თქმით, ისინი საკმაოდ ფრთხილები არიან და ხეების კენწეროებში დამალვა უყვართ.
სამეცნიერო ჯგუფმა, რომელიც კონგოელი, ამერიკელი და გერმანელი სპეციალისტებისგან შედგებოდა, ქვეყნის ბუნებრივი მრავალფეროვნების ხაზგასასმელად ცხოველს ლათინური სახელი “Colobus congoensis“ მიანიჭა.

ამ მაიმუნებს სპეციფიკური, მჭექარე ღრიალი ახასიათებთ. “მათი ხმა ხშირად ისმის, თუმცა თავად ცხოველის დანახვა რთულია“, – დასძენს ამბოკო.
მკვლევრები ამბობენ, რომ ეს სახეობა საკმაოდ იშვიათია და ტყის მხოლოდ იმ ნაწილში გვხვდება, სადაც მათთვის საჭირო საკვები მოიპოვება და შესაბამისი საარსებო გარემოა.