პაატა დავითაია – სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავ: მკაცრად გამოიყენეთ სისხლის სამართლის მუხლები, რაც თელავის ინციდენტის მონაწილე ქალბატონს მიესადაგება, 10 წლამდე პატიმრობა – თუ ვხედავთ ჯაშუშურ ქსელს, ეს საერთოდ ცვლის სურათს

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია თელავში, ერთ-ერთ სასტუმროსთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ გავრცელებული ეჭვები რუსეთის მოქალაქის შესაძლო ჯაშუშურ საქმიანობაზე დადასტურდება, ეს საქმეს მნიშვნელოვნად დაამძიმებს.
როგორც დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, ინციდენტის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომასალასა და რუსული მედიის აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები უჩნდება.
„რუსეთმა რამდენიმე თვის წინა გაამკაცრა კანონი იმის შესახებ, რომ თუ მის მოქალაქეს საფრთხე შეექმნება, პუტინს შეუძლია ისე გამოიყენოს ჯარი. ამ ქალბატონის გამო ჯარს არავინ გამოიყენებს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ნიადაგის მოსინჯვა ხომ არ ხდება?! დააკვირდით მოქმედებას: ინციდენტის მერე ეს ქალბატონი ტვირთავს ვიდეოს და მთელი რუსული მედია ჩართულია, თითქოს რუსულად საუბრის გამო მოხდა ეს. ეს ხომ აბსურდია. თუ რუსეთის სახელმწიფო მედიას არ სჭირდებოდა გამოყენება, არ გამოიყენებდნენ, პრივატული რომ ყოფილიყო. ვხედავთ, რომ გამოყენებითი გახდა, ყველამ ნახა. ეს უკვე ეჭვებს ბადებს.
სამართალდამცავ ორგანოებს მინდა მივმართო, რომ მკაცრად გამოიყენეთ ის სისხლის სამართლის მუხლები, რაც უდგება ამ ქალბატონს, 10 წლამდე უპირობო პატიმრობა აქვს. ამ ვაჟბატონს, რომელმაც გადაამეტა 3-წლამდეა. თუ ჩვენ ვხედავთ ჯაშუშურ ქსელს, ეს საერთოდ ცვლის სურათს. თუ ეს ადამიანი ძებნილია, მალევე დამტკიცდება. თუ ძებნილია დგება საკითხი, როგორ გადმოკვეთა საზღვარი“,- განაცხადა დავითაიამ.
მისი შეფასებით, საზოგადოებრივი ყურადღება ძირითადად ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე იყო გადატანილი, თუმცა, მისივე თქმით, გამოძიებამ ინციდენტის ყველა შესაძლო სამართალდარღვევა უნდა შეისწავლოს.
„საზოგადოებრივმა აზრმა თქვა, რომ ამ ქალბატონს ცხვირში მოხვდა, იმიტომ, რომ ქალბატონია, მაგრამ ცუდია ის, რაც მან ჩაიდინა და მისი დანაშაული უფრო მძიმეა. რატომ არ სჯიან დამამცირებელი მოპყრობის გამო ქალბატონებს და რატომ არ არის ბრალი წაყენებული“,- განაცხადა დავითაიამ.