ღამით რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა

ღამით რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა, კიევში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია სამი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქებები და ხანძრები ობოლონისა და ჰოლოსიივის რაიონებში დაფიქსირდა. მასშტაბური ხანძარი გაჩნდა „პეტროვკის“ წიგნების ბაზრობის ტერიტორიაზე.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
რუსეთმა იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთმა სამრეწველო ობიექტებს დაარტყა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა.
ამასთან, ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის განცხადებით, რუსებმა რაიონის დასახლებულ პუნქტებსაც დაარტყეს. ერთ-ერთი რუსული მართვადი ავიაბომბი სოფელ ვიქტოროვკაში მდებარე საცხოვრებელ სახლს მოხვდა და ის მთლიანად გაანადგურა. თავდასხმის შედეგად 66 წლის მამაკაცი და 64 წლის ქალი დაიღუპნენ.