მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 15:51
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ჩარლზ III პრინც ჰარისა და მის ოჯახს შეხვდა

Prime Time July 12, 2026 1:41 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ბუკინგემის სასახლემ დაადასტურა, რომ მეფე ჩარლზი პრინც ჰარის, მეგან მარკლს და მათ შვილებს არჩისა და ლილიბეტს პარასკევს, ჰაიგროუვში გამართულ კერძო შეხვედრაზე შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში შეხვედრის დეტალებსა და მის ხანგრძლივობაზე კომენტარს არ აკეთებენ, არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დედოფალი კამილაც ესწრებოდა. Vanity Fair-ის წყარო იტყობინება, რომ საზოგადოებისთვის არანაირი ფოტო არ გასაჯაროვდება, პრინცმა ჰარიმ კი მეფე ჩარლზი დაარწმუნა, რომ ოჯახურ შეხვედრაზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

ინსაიდერების თქმით, არჩი და ლილიბეტი ძალიან გახარებულები იყვნენ ბაბუის გაცნობით. მეფეს, თავის მხრივ, დიდი ხანია სურდა შვილიშვილების ნახვა, რომლებსაც დაახლოებით 4 წელი არ შეხვედრია. ბოლოს ბავშვები გაერთიანებულ სამეფოში 2022 წელს იმყოფებოდნენ, როდესაც დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო სამგლოვიარო ღონისძიებები იმართებოდა.

პრინც ჰარის ურთიერთობა სამეფო ოჯახთან 2020 წლიდან მოყოლებული რთული რჩება. სამეფო მოვალეობებზე უარის თქმის შემდეგ, ის მეგან მარკლთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი მემუარები და დოკუმენტური სერიალი გამოუშვა, სადაც ოჯახის შიგნით არსებულ კონფლიქტებზე ღიად ისაუბრა. სწორედ ამიტომ, ეს შეხვედრა შერიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება, თუმცა სასახლის ოფიციალური წარმომადგენლები ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.