მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 16:33
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკი თბილისის შემოვლითი გზის პროექტს 250 მილიონი დოლარის სესხით დააფინანსებს

IPN.ge 30 ივლისი, 2026 · 14:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 250 მილიონი დოლარის ($) სესხი თბილისის სტრატეგიული მნიშვნელობის შემოვლითი გზის მშენებლობის მხარდასაჭერად, რაც გააუმჯობესებს საგზაო დაკავშირებას, შეამცირებს სატრანსპორტო გადატვირთვას და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის როლს.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს თბილისის შემოვლითი გზის 18.9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან ნაწილს განაახლებს.

მოძრაობის გადამისამართება დედაქალაქის გვერდის ავლით შეამსუბუქებს თბილისის სატრანსპორტო დატვირთვას და გააუმჯობესებს ტვირთებისა და ხალხის გადაადგილებას. ADB-ის დაფინანსება მოხმარდება თბილისის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთს: ლოტი 4-ს (თბილისის აეროპორტი–ლოჭინი) და ლოტი 5-ს (ლოჭინი–რუსთავი). პროექტი ასევე მოიცავს მისასვლელი და მომსახურების გზების მშენებლობასა და განახლებას.

„საქართველოს მდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე მას მნიშვნელოვან პოტენციალს აძლევს, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო ჰაბი,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „თბილისის შემოვლითი გზა ამ პოტენციალის სრულად გამოყენებას შეუწყობს ხელს, რადგან შეამცირებს გზების გადატვირთვას და გააუმჯობესებს ტვირთების გადაზიდვას. მსგავსი პროექტების მეშვეობით ჩვენ რეალობად ვაქცევთ საქართველოსთან პარტნიორობის სტრატეგიით გათვალისწინებულ ხედვას, რათა ქვეყანა გახდეს უკეთ დაკავშირებული და კონკურენტუნარიანი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ახალი გზა შეკვეცავს მგზავრობის დროს, როგორც ადგილობრივი, ისე ტრანზიტული მოძრაობისთვის, შეამცირებს სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯებსა და გამონაბოლქვს. პროექტი გაზრდის გადაზიდვების, ექსპორტისა და ტურისტული სექტორის საქმიანობის საიმედოობას, ამასთან, შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და მძიმედ დაშავებულთა რაოდენობას.

„პროექტი გააუმჯობესებს საგზაო ტრანსპორტის ეფექტიანობას ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მეორე დერეფნის გასწვრივ, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოსთვის ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ინტეგრაციას რეგიონულ და გლობალურ ბაზრებთან.

ADB დაეხმარა საქართველოს მთავრობას პროექტის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის შეფასების პროცესში. აღნიშნული სესხი ემატება ADB-ის მიერ საქართველოს საგზაო ქსელის განვითარებისთვის გაწეულ $2.3 მილიარდზე მეტ მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მონაკვეთებს, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლით გზებს, ქვეშეთი-კობის მაგისტრალსა და ბათუმი-სარფის გზას.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. გაწევრიანებიდან დღემდე ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს $6 მილიარდამდე ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღრმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.