პანიკა და ქაოსი ესპანეთის საზღვარზე – ქვეყნის ტერიტორიაზე ათასობით არალეგალი მიგრანტი შეიჭრა: ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (ვიდეო)

ათასობით მიგრანტმა ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე სეუტაში ევროკავშირის საზღვარი გაარღვია, მესაზღვრეების წინააღმდეგობა გადალახა და ესპანეთის ექსკლავში შეიჭრა.
ქაოსს სულ მცირე 60 მიგრანტი ემსხვერპლა.
გავრცელებულ კადრებში ხალხის უზარმაზარი ნაკადი ჩანს, რომელიც სანაპიროებსა და ქუჩებში გარბის, უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია, თუმცა ჩანან მთლიანი ოჯახებიც, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.



სეუტას ხელისუფლებამ მადრიდს ეროვნული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სამხედრო დახმარება სთხოვა. სეუტას პრეზიდენტმა, ხუან ხესუს ვივასმა, შექმნილ ვითარებას “სრული ჰუმანიტარული და სოციალური კრიზისი“ უწოდა.
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სეუტაში ზღვით 1 500-ზე მეტი მიგრანტი შემოვიდა მიღების ცენტრები გადავსებულია, ადგილი აღარ არის, გუშინდელი მონაცემებით, დღეში 200-ზე მეტი ადამიანი შემოდის,“ – აცხადებს ვივასი.
-
გეოპოლიტიკური ვითარება და ოფიციალური პოზიციები
სეუტა აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მაროკოსა და ესპანეთს შორის მდებარეობს. ესპანეთის მეორე ავტონომიურ ქალაქ მელილიასთან ერთად, ის ევროკავშირის ერთადერთი სახმელეთო საზღვარია აფრიკასთან.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რამდენიმე უწყება ამჟამად “მჭიდრო თანამშრომლობს, რათა სეუტაში შექმნილ ვითარებას მაქსიმალური სისწრაფითა და ეფექტურობით უპასუხონ“.
თავის მხრივ მაროკოს მთავრობამაც ასევე დადო პირობა, რომ მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით ესპანეთთან “ღიად და მუდმივ რეჟიმში ითანამშრომლებს“.
არალეგალებთან დაკავშირებული კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ესპანეთის სოციალისტურმა მთავრობამ მიმდინარე წლის დასაწყისში 500 000 არალეგალი მიგრანტისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი გეგმა დაამტკიცა.

ბოლო წლებში თავიანთ ქვეყანაში საზღვრის შესუსტებული კონტროლით ათასობით მაროკოელი სარგებლობს, ისინი სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ფასად, ცურვით ან გასაბერი ნავებით ევროპის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ.