ჰიროსიმას ატომურმა აფეთქებამ დედამიწაზე მანამდე უცნობი ლითონი წარმოქმნა – მკვლევრები მოულოდნელი აღმოჩენის შესახებ იუწყებიან

1945 წელს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩამოგდებულმა ატომურმა ბომბმა, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამანადგურებელ ძალად ითვლება, დედამიწაზე მანამდე არარსებული ლითონი წარმოქმნა. ამის შესახებ ჟურნალ “Science Advances“-ში გამოქვეყნებული ნოვატორული კვლევა იუწყება.

საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა ეს ახალი მასალა ჰიროსიმას ყურის ქვიშაში დალექილი 34 რადიოაქტიური ნალექის ნიმუშის შესწავლისას აღმოაჩინა. ნიმუშები ე. წ. “ჰიროსიმაიტებს“ მიკროსკოპულ წვეთებს შეიცავდა, რომლებიც მაშინ წარმოიქმნა, როდესაც 6 600°C-ზე მაღალმა ტემპერატურამ მყისიერად გაანადგურა შენობები, ლითონი, ნიადაგი, მინა და წყალი.

წვეთების მძლავრი ელექტრონული მიკროსკოპითა და რენტგენის დიფრაქციით გამოკვლევისას, მეცნიერებმა უმცირესი ლითონის ნაწილაკები აღმოაჩინეს. თუ ნიმუშების უმეტესობა რკინა-ქრომის ჩვეულებრივ შენადნობს წარმოადგენდა, ბოლო მარცვალში რკინის, ქრომის, ნიკელის, მანგანუმის, მოლიბდენის, სილიციუმისა და ალუმინის “კოქტეილი“ აღმოჩნდა. მისი ატომური სტრუქტურა სრულიად განსხვავდებოდა ტრადიციულ შენადნობებში არსებული წყობისგან.

- ეს უნიკალური კონფიგურაცია მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ლითონის ორთქლი ცეცხლოვანი ბურთის გაფართოებასთან ერთად წამიერად გაცივდა, რამაც ატომები ამ ახალ პოზიციაში “გაყინა“.
“ეს აღმოჩენა ამტკიცებს, რომ ანთროპოგენულ (ადამიანის მიერ შექმნილ) ექსტრემალურ პირობებს შეუძლია მანამდე უცნობი მასალების ფორმირებამდე მიგვიყვანოს“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

მეცნიერებს სჯერათ, რომ აღმოჩენა მომავალში უფრო მსუბუქი და ცეცხლგამძლე მასალების შექმნის საფუძველი გახდება.
სამრეწველო მნიშვნელობის გარდა, ახალმა ლითონმა შესაძლოა ნათელი მოჰფინოს იმ ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებსაც, რომლებიც ჰიროსიმას მსგავსი ბირთვული აფეთქებების დროს ვითარდება.
იხილეთ ასევე:
- არსებობდა თუ არა დედამიწაზე ადამიანებამდე სხვა განვითარებული რასა და ცივილიზაცია?
- ღამის ცვლაში მუშაობის რეალური ფასი: რა მოსდის ტვინს და სხეულს სინამდვილეში? – რეალობა, რომელიც თავს დროთა განმავლობაში იჩენს