ნარკოდანაშაული თბილისში – ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტები და დაკავებული 3 პირი

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, საღამოს საათები, პოლიციამ 21 წლის მამაკაცი გადამოწმებისთვის შეაჩერა. ადგილზე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა მისი ჯიბიდან დაფასოებული “ალფა პევე პე” ამოიღეს.
მალევე გაირკვა, რომ ის ე.წ დამდები იყო და დაფასოებული “ალფა პევე პეს” დიდი ნაწილი, წინასწარ შერჩეულ ადგილებში უკვე გადანაწილებული ჰქონდა. ნარკოტიკი პოლიციამ გაყიდვამდე ამოიღო, მაშინ როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა და 21 წლის მამაკაცმა სამალავებთან სამართალდამცველები თავად მიიყვანა.
“კურიერის” ინფორმაციით 21 წლის მამაკაცი უკრაინის მოქალაქეა და თბილისში ქირით ცხოვრობდა. ნარკოტიკი და დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობები პოლიციამ მისი ბინიდანაც ამოიღო.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 წლის გოგო. ისიც უკრაინის მოქალაქეა და ე.წ დამდები იყო. საგამოძიებო ექსპერიმენტი ლისის ქუჩის მიმდებარედ ჩატარდა, მის მიერ მითითებული სამალავებიდან 30 შეკვრა “მეფედრონია” ამოღებული.
ნარკოტიკის რეალიზაციას უწყობდა ხელს საქართველოს მოქალაქეც, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აიყვანა. ბოლო 24 საათში სამართალდამცველებმა, თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ სამი პირი დააკავეს. საპოლიციო ღონისძიებები სხვადასხვა მისამართებზე მიმდინარეობდა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აღკვეთეს. ნივთმტკიცებების სახით ამოღებულია ის ნარკოტიკიც, რომელთა გავრცელებაც ბრალდებულებმა, საპოლიციო ღონისძიების ჩატარების გამო ვერ მოასწრეს.
შინაგანს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოსავლენად, სამართალდამცველები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ყოველდღიურად, თბილისსა და რეგიონებში, კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.