“ბავშვობაში მიცავდი, როცა კაცად ვყალიბდებოდი, შთამაგონებდი” – მალდინი ბარეზის ემოციური წერილით დაემშვიდობა

ლეგენდარული პაოლო მალდინი ფრანკო ბარეზის გარდაცვალებას ემოციური წერილით გამოეხმაურა.
“ნახვამდის, ფრანკო. დღეს ზუსტად იმავეს ვგრძნობ, რასაც მაშინ, როცა რაიმე მიზეზით შენ ჩვენთან ერთად მოედანზე ვერ გამოდიოდი, როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებას ჩვენი კაპიტნის გარეშე.
შენ მასწავლე, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე უნდა იბრძოლო, მაჩვენე რას ნიშნავს იყო ერთგული მაისურის მიმართ და რა არის ნამდვილი ლიდერის ფასი. ამას ყოველდღე საკუთარი მაგალითით აკეთებდი, ცოტა სიტყვით, მაგრამ უამრავი საქმით.
ბავშვობაში შენ მიცავდი, ახალგაზრდობაში გზას მაჩვენებდი, ხოლო კაცად ჩამოყალიბებაში შთამაგონებდი. შენ იყავი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც თამაშის პატივი მქონდა.
დიდ ჩახუტებას ვუგზავნი შენს მთელ ოჯახს, განსაკუთრებით მეუღლეს მაურას და შვილებს, ედოარდოსა და ჯანანდრეას. ჩვენ მოგვენატრები, კაპიტანო. თუმცა შენი ვარსკვლავის სინათლე ჩვენთან სამუდამოდ დარჩება და ჩვენს გზას გაანათებს”, – დაწერა მალდინიმ.
გასულ წელს ბარეზის ფილტვზე აღმოჩენილი კვანძის გამო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული “მილანის” ცხოვრებაში და კლუბის საპატიო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
ფრანკო ბარეზიმ მთელი პროფესიული კარიერა მხოლოდ “მილანში” გაატარა. 1977-1997 წლებში მან “როსონერის” მაისურით 719 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად იქცა. მისი კარიერის დასრულების შემდეგ იტალიურმა კლუბმა 6-ნომრიანი მაისური სამუდამოდ გააუქმა.
ბარეზიმ “მილანთან” ერთად ექვსჯერ იტალიის ჩემპიონატი, სამჯერ ევროპის თასი/ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ უეფას სუპერთასი, ოთხჯერ იტალიის სუპერთასი და ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.
იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბარეზიმ 81 მატჩი ჩაატარა. 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 1990 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო 1994 წელს “სკუადრა აძურას” კაპიტნის რანგში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.
წყარო: Sportall.ge